ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადიგენის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4.2 კმ-იანი (კმ95 - კმ99) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. 


პროექტით გათავლისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის მილებისა და კედლების,  კიუვეტების, მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ღირებულება 5.7 მილიონი ლარია.


ბაღდათი-აბასთუმნის გზის მონაკვეთი რამდენიმე დასახლებას აკავშირებს (ბაღდათი, ნერგეეთი, წყალთაშუა, წაბლარისხევი, საირმე, აბასთუმანი), ხოლო აბასთუმანი-ბენარას მონაკვეთი აბასთუმანს, ვარხაანს, უნწასა და ბენარას მოიცავს.


პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ხოლო საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 90-120 წუთით შემცირდება. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს