„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სამშენებლო ნარჩენი და ძველი ავეჯი ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში.

უწყების განცხადებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.  გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

სამშენებლო ნარჩენების მხრივ დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქციაზე ისაუბრა. გზისპირას არსებული ტერიტორია, როგორც ინერტული, ისე, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში თანამშრომლებთან ერთად დავით ფაჩულიაც ჩაერთო.

„გლდანის პოლიგონზე ინერტული ნარჩენის განთავსების ტარიფები არის ეკონომიური, ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. პოლიგონზე ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში დავტოვოთ სამშენებლო ნარჩენი, დავაბინძუროთ, დააზიანოს ჩვენი ნაგავმზიდი მანქანები, რომელიც ისევ დედაქალაქს ემსახურება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  გლდანის პოლიგონზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.