2024 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დედაქალაქში ტაქსის 26 735 აქტიური ნებართვა ფიქსირდებოდა. ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, აქტიური ნებართვებიდან 20 100 - A კატეგორიის ტაქსიზე მოდიოდა, ხოლო 6 636 - B კატეგორიის ნებართვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ B კატეგორიის ნებართვებიდან - 6 175 მიმდინარე წლის ათ თვეში გაიცა.

A კატეგორიის ნებართვა უსასყიდლოდ 2023 წლის 1-ელ აპრილამდე გაიცემოდა. მაშინ სულ 35 558 უვადო ლიცენზია გაიცა, საიდანაც აქტიური მხოლოდ 20 100 ნებართვაა. ცნობისთვის, B კატეგორიის ტაქსის ლიცენზიას ერთწლიანი მოქმედების ვადა აქვს. 

რა ღირს ტაქსის ლიცენზია? პორტალ licenzia.ge-ზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ტაქსის ლიცენზიის ყიდვის ფასები განსხვავებულია. 250 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 1200 ლარს აღწევს. რაც შეეხება ქირაობას, ფასი 300 ლარამდე მერყეობს.