თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის უკვე ადგილს ეძებენ.
„ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ.
რუსეთის ბევრ მოქალაქეში ვამჩნევ დიდ სურვილს, გადაიტანონ ბიზნესი საქართველოში. თავის მხრივ, ქართველებს შორის არის ბევრი ადამიანი, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის წამოწყება რუსეთში. აუცილებელია რუსეთთან განვიხილოთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური პრობლემების საკითხი, დაიწყოს დიპლომატიური, პოლიტიკური დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის განსაზღვრის საკითხზე. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის.
ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ საიმედო საფუძველი. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას, ვფიქრობ, მალე მოუწევს რუსულ მხარესთან საუბარი“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.