საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს 100 ყველაზე ლამაზ ქალაქს შორის დასახელდა. საერთაშორისო პლატფორმა Worldworthy-ის 2026 წლის რეიტინგში თბილისი 54-ე პოზიციას იკავებს, მისი შეფასება კი 10-დან 7.84 ქულას შეადგენს. ევროპულ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქი 26-ე ადგილზეა.
რეიტინგის მიხედვით, თბილისი საქართველოს მასშტაბით პირველ პოზიციაზეა. ევროპულ ჩამონათვალში მას უშუალოდ ბერლინი უსწრებს, რომელსაც 7.85 ქულა აქვს, ხოლო თბილისს მოსდევს სარაევო 7.83 ქულით და ლისაბონი, ასევე 7.83 ქულით.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქების ათეულში პირველი ადგილი რიო-დე-ჟანეირომ დაიკავა 9.99 ქულით. მეორე პოზიციაზე კეიპტაუნია 9.68 ქულით, მესამეზე კი ნიუ-იორკი – 9.38 ქულით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლონდონი და რომი. ევროპის რეიტინგში პირველ ადგილს ლონდონი იკავებს, რომელსაც რომი და ვენა მოსდევს.
Worldworthy-ის განმარტებით, რეიტინგი სხვადასხვა წყაროს აერთიანებს, მათ შორის ვიზიტორების გამოცდილებასა და რეკომენდაციებს, მოგზაურებთან ინტერვიუებს, საერთაშორისო გზამკვლევებსა და მედიაში გამოქვეყნებულ კვლევებს, ასევე საჯარო და პროფესიულ მონაცემებს. შეფასებები სარედაქციო ჯგუფის მიერ მოწმდება. პლატფორმის განმარტებით, რეიტინგი არ წარმოადგენს მხოლოდ საჯარო გამოკითხვის ან ჟიურის კენჭისყრის შედეგს.