„კომერსანტთან“ საუბრისას კომპანია Step Energy-ის წარმომადგენელმა ბექა ცეცაძემ კომპანიის საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და საქართველოს ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმში (GEEF 2026) მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

Step Energy სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობს. როგორც ბექა ცეცაძე აღნიშნავს, კომპანიის ძირითადი მიმართულებებია კომერციული და ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურების პროექტირება და მშენებლობა, ენერგიის დაგროვების სისტემების მოწყობა და ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ჩვენ ვართ EPC კომპანია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვახორციელებთ ინდუსტრიული და კომერციული მასშტაბის ელექტროსადგურების პროექტირებასა და მშენებლობას. უზრუნველვყოფთ ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ამა თუ იმ სადგურის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. აქვე აღვნიშნავ, რომ როდესაც ქვეყანაში ნეტო აღრიცხვის მექანიზმი მოქმედებდა, ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ, როგორც „ენერგო-პროს“, ისე „თელასის“ ქსელში.

ჩვენი მთავარი მიმართულება მზის ენერგეტიკაა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ენერგიის დაგროვების სისტემების მოწყობა. გარდა ამისა, ვმუშაობთ ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც, მათ შორის, შეგვიძლია შესაბამისი დამტენი სადგურების მოწყობა. სამომავლოდ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაქტიურდებით“, - ამბობს ბექა ცეცაძე.

მისი თქმით, საქართველოში მზის ენერგიის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, თუმცა სექტორში გარკვეული დაბრკოლებებიც არსებობს. ამასთან, კომპანია სამომავლოდ სხვა ბაზრებზე, მათ შორის, უკრაინაში შესვლას გეგმავს, სადაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა ამ ეტაპზეც მაღალია.

„მზის ენერგიის მიმართ ინტერესი საქართველოში საკმაოდ მაღალია. უკვე უამრავმა ადამიანმა გაიგო, თუ რა სარგებელი მოაქვს მზის პანელებს როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის. თუმცა გვაქვს გარკვეული დაბრკოლებები. კერძოდ, ნეტო აღრიცხვა უკვე აღარ არის და, სამწუხაროდ, ბაზარზე ნეტო აღრიცხვის ახალი პროექტები აღარ არსებობს. ჩვენ აქამდე აქტიურად ვიყავით ჩართული ნეტო აღრიცხვის პროექტებში. მაგალითად, გორში გვაქვს 8 სადგური, რომელთა ჯამური სიმძლავრე 5 მეგავატია. პროექტები გვაქვს განხორციელებული უშუალოდ თბილისშიც.

ასევე ვგეგმავთ სხვა ბაზრებზე გასვლას, მაგალითად, უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომია, ადგილობრივი ბაზარი მუშაობას აგრძელებს, მოთხოვნაც დიდია, განსაკუთრებით უკრაინის დასავლეთ ნაწილში. შესაბამისად, ასეთი მაღალი მოთხოვნის ფონზე ეს ბაზარი ჩვენთვის საინტერესოა“, - განაცხადა ბექა ცეცაძემ.

მიმდინარე წელს კომპანია ტრადიციულად მონაწილეობს საქართველოს ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმში (GEEF 2026), რომელიც 26-27 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. ბექა ცეცაძის თქმით, წელს Step Energy თავის უმსხვილეს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარდგება.

„ამ გამოფენაზე ჩვენ ორ მთავარ მომწოდებელ პარტნიორთან ერთად წარვდგებით. მათ შორისაა Sungrow, რომელიც ინვერტორებისა და ენერგიის დაგროვების სისტემების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში. ასევე, ჩვენთან ერთად წარმოდგენილი იქნება Jinko, რომელიც მზის პანელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ Sungrow-სთან ოფიციალური პარტნიორობა გვაკავშირებს. ეს კომპანია ენერგიის დაგროვების სისტემების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი ბაზარზე ძალიან მაღალია“, -აცხადებს ბექა ცეცაძე.

Step Energy-ში მიაჩნიათ, რომ ფორუმი წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის.

„ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმში უკვე მესამედ ვიღებთ მონაწილეობას და ეს ძალიან გვახარებს. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად ღონისძიება უფრო და უფრო იზრდება და ფართოვდება, რაც მისასალმებელია. ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.

კარგია ისიც, რომ თავად მომწოდებლებმაც იციან ღონისძიების შესახებ და თვითონვე გვეკითხებიან, ვიქნებით თუ არა წარმოდგენილი. ცხადია, ასეთი ღონისძიებები ბიზნესკომუნიკაციებს კიდევ უფრო აუმჯობესებს“, - ამბობს ბექა ცეცაძე.