„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
როგორც მან „კომერსანტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფი ამ დასკვნას სრულად იზიარებს.
„შოვის სტიქიის მსგავს მოვლენასთან ჩვენ ჯერ არ გვქონია შეხება. ასეთი ღვარცოფი საქართველოში ჯერ არ ყოფილა და ფაქტობრივად, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა.
სრულად ვეთანხმები პოზიციას, რომ მსგავსი მოვლენის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო. ძირითადად ადგილი აქვს ხოლმე ერთ ბუნებრივ მოვლენას ან მაქსიმუმ 2 ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. აქ იყო 4-5. მოწყდა კლდე-ზვავი, მოხდა გლაციოლოგიური რღვევა, პარალელურად იყო მყინვარში არსებული წყლის გამოდინება, ასევე დაემთხვა ძალიან ძლიერი წვიმები, რის გამოც პრაქტიკულად ყველა შენაკადი ამოქმედდა, მდინარეების კალაპოტებზე დაწყებული იყო ეროზიული პროცესები და ყველაფერმა ერთად განაპირობა სტიქიის ის მასშტაბი, რაც საბოლოოდ მივიღეთ და რისი შეფასებაც ძალიან მძიმეა“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
მისი თქმით, შოვში დაიგეგმა არაერთი კვლევა, რომლის საფუძველზეც შეფასდება სტიქიის სრული სურათი და დაიდება საბოლოო დასკვნა.
როგორც მან განმარტა, საფრთხის შემცველია ასევე ყველა მაღალმთიანი რეგიონი, რის გამოც დაიწყება პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობა.
„დაგეგმილია ველზე გასვლები. გეოლოგები უნდა გავიდნენ და ნახონ ხეობა თავიდან ბოლომდე, ყველაფერი უნდა შეფასდეს. რაც მალე მოხდება ეს მით უკეთესი, რათა სტიქიის კვალი არ წაიშალოს. სპექტრული ანალიზებია გასაკეთებელი და ბევრი სხვა სამუშაოა ჩასატარებელი.
ფაქტობრივად ყველა მთიან რეგიონში, სადაც მთის მდინარეებია, ყველგან არის სტიქიის საფრთხე. უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ მთაში უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება, ვიდრე ბარში, რაც სტიქიის ალბათობებს გაზრდის.
სამინისტროსგან და სპეციალისტების მხრიდან არის მზაობა, შესწავლილ იქნეს ყველა ასეთი ზონა და შეფასდეს რისკები, თუმცა რამდენად ეყოფა ამას ადამიანური და ფინანსური რესურსი, ვერ გეტყვით. უდიდესი სამუშაოა, რომელშიც გეოლოგები უსასყიდლოდ ჩაერთვებიან, რადგან გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანი საქმეა ეს ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მისი თქმით, სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ექსპერტების ჯგუფი ძირითადად პრევენციული ღონისძიებებისა და საფრთხეების მართვის მექანიზმების შემუშავებაზე იზრუნებს.