„წყლის ხარისხს, ფოთიდან სარფის ჩათვლით, 10 დღეში ერთხელ, 9 წერტილში ვიკვლევთ და მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, ჩვენი ინფორმაცია მუდმივად განახლებადი და ხელმისაწვდომია,“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ელინა ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ქიმიური კომპონენტი ნორმის ფარგლებშია და აღელვების საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ პერმანენტულად, ყოველთვიურად ვაწარმოებთ მონიტორინგს მდინარეებზე, შავ ზღვაზე, ტბებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, ეს მონიტორინგი გავახშირეთ და გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევას 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს“, - აცხადებს ელინა ბაქრაძე.

მისი თქმით, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი აწარმოებს ქიმიური კომპონენტების კვლევის მონიტორინგს, მათ შორის იკვლევენ მძიმე მეტალებს (რკინა, თუთია, კადმიუმი, სპილენძი, ტყვია, მანგანუმი), ნავთობპროდუქტებს და ყველა ეს კომპონენტი ნორმის ფარგლებშია.

„მთავარია რომ მშვიდად შევხვდეთ ყველაფერს. როცა წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი არის ნორმაში, აქ უფრო მეტი და ნაკლები არც განიხილება. ამას გარდა, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო აკეთებს ბაქტერიოლოგიურ კვლევებს საბანაო წყლებთან დაკავშირებით და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, აქაც ყველა კომპონენტი ნორმის ფარგლებშია. ამიტომ, მოსახლეობას ვეტყვი, რომ მშვიდად დაისვენონ ჩვენს სანაპიროებზე“, - აცხადებს ელინა ბაქრაძე.