შპს „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ“-ს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობებში (2022 წლის 25 ოქტომბრის №1952 განკარგულებაში) საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა.
პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ 2026 წლის 12 მარტს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, უნივერსიტეტს რამდენიმე ახალი ვალდებულება დაეკისრა, მათ შორის საჯარო სკოლის მშენებლობა და ინვესტიციების განხორციელება.
კონკრეტულად, უნივერსიტეტმა 2030 წლის 31 დეკემბრამდე პრივატიზებული უძრავი ქონების განვითარების მიზნით არანაკლებ 7 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს თბილისის 89-ე საჯარო სკოლის ამორტიზებული შენობების დემონტაჟს და მის ნაცვლად, არანაკლებ 5 000 კვ/მ ფართობის ახალი სკოლის მშენებლობას, რომელიც სეუ-მ უნდა უზრუნველყოს. სკოლის მშენებლობისთვის უნივერსიტეტმა მინიმუმ 5 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.
სკოლის აშენებამდე „სეუ“ ვალდებულია №89 საჯარო სკოლას უსასყიდლოდ დაუთმოს ფართები მის საკუთრებაში არსებულ შენობებში.
2022 წლის განკარგულება გამოქვეყნებული არ არის, შესაბამისად, უცნობია, რა პირობებით იყო გამოცემული პირვანდელი დოკუმენტი და კონკრეტულად რას გულისხმობდა ის.