BMG-ის ახალი ტელეპროექტის “ჯანდაცვის სტანდარტის” სტუმარი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო იყო. რადგან გადაცემის მთავარი თემა საყოველთაო ჯანდაცვა გახლდათ.

სწორედ, დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2 ეტაპად ამოქმედდა: მისი ამბულატორიული ნაწილი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შემდეგ უკვე გეგმური ოპერაციები და მშობიარობა.

2015 წელი პირველი წელი იყო, როდესაც ყველა პოტენციური პაციენტი, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის პაკეტის მქონეთა გარდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომხმარებელი გახდა. დეკლარირებულად, სახელმწიფომ ყველა ამ ადამიანზე პასუხისმგებლობა აიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, 2013 წელს დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში დაიწყო ამოქმედება, BMG-ის მთავარ კითხვებზე პასუხებიც, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისგან მივიღეთ, თუ რა მისცა ამ პროგრამამ საქართველოს მოსახლეობას და რა გამოწვევები გვაქვს დღეს?

“საყოველთაო ჯანდაცვა თავისი მასშტაბებით და შინაარსით გამორჩეული და საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჯანდაცვაში. დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური მაჩვენებლებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების პირველივე წელს, ჯიბიდან გადასახადები, 76%-დან 55%-მდე შემცირდა. შემდეგ წლებში 48%-მდე ჩამოვიდა და მიწვდომადობა გაორმაგდა სამედიცინო სერვისებზე, ხოლო პირველ 2 წელიწადში ჯანდაცვაში დახარჯულმა დამატებით 2 მლნ-მა მოსახლეობას დაუზოგა 400 მლნ-ზე მეტი. ეს მართლაც დიდი ნაბიჯებია, თუმცა იყო გამოწვევებიც და ეს იყო ძირითადად ინფრასტრუქტურული გამოწვევები, როცა, 20-ზე მეტ რაიონში არ არსებობდა სამედიცინო დაწესებულება და უბრალოდ არ ფუნქციონირებდა მოქმედი სასწრაფო დახმარების მანქანა, ამ მხრივ დიდი ინტერვენციების გაკეთება მოგვიწია, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთებულიყო და ამას მივაღწიეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში” - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა - XXI საუკუნის რაციონალური სისტემაა.

“თვითონ კონცეფცია საყოველთაო ჯანდაცვის, არ არის შემთხვევით აღებული და გარკვეული წინაპირობებიც აქვს, ეს არ არის ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან გამომდინარე, მაგალითად - ჰუმანური აქტი. ეს არის პრაგმატული და რაციონალური სისტემა, რომელზედაც მთელი მსოფლიო გადადის. XX საუკუნე მიზნობრივი ჯანდაცვის საუკუნე იყო, XXI საუკუნეა რაციონალური, ხარჯთეფექტური საყოველთაო ჯანდაცვის საუკუნე. - ამბობს დავით სერგეენკო გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი”

bm.ge