სამუშაო ბაზარზე ბევრი სექტორი კადრების ნაკლებობას განიცდის. დამსაქმებლები ამბობენ, რომ საჭიროა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამით მეტი ადამიანის დაინტერესება. კოლეჯი ,,იკაროსის“ დირექტორი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ პროფესიული სასწავლებლებით დღეს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი ინტერესდება. სასწავლებელი კადრებს სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების სფეროში ამზადებს. სტუდენტებს ასევე სთავაზობენ კულინარიისა და კონდიტერის კურსებს. რუსუდან ჩართოლანი აცხადებს, რომ დაინტერესება ყოველთვის მაღალი იყო, თუმცა მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია.

,,ჩვენთან სწავლობენ 15 წლის ასაკიდან ანუ ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, რომლებიც პარალელურად ჩვენთან სწავლობენ. სწავლა სამ ცვლაში გვაქვს, შაბათ-კვირის ჩათვლით. გვაქვს მოქნილი გრაფიკი, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, რომ მიიღოს პროფესიული განათლება. მოდიან 40 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებმაც ახლა დაიწყეს პროფესიის ათვისება, რომ შემდეგ წარმატებით დასაქმდნენ. ასაკობრივი სპექტრი ძალიან დიდია. გვყავდა 75 წლის რამდენიმე სტუდენტი, რომლებმაც პროგრამა ძალიან კარგად გაიარეს.’’- აცხადებს რუსუდან ჩართოლანი.

რამ განაპირობა პროფესიული სასწავლებლების მიმართ მზარდი ინტერესი და მოთხოვნის ზრდა? კოლეჯ ,,იკაროსის“ დირექტორი აცხადებს, რომ სკოლებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ხდება. გარდა ამისა, კერძო სექტორმა მომსახურების სფეროში დასაქმებულების ანაზღაურება გაზარდა, რამაც პროფესიული კოლეჯების მიმართ მოთხოვნა გაზარდა.

,,უკვე შარშან ორჯერადი მიღება ჩაეშვა. ჩვენთან სწავლაზე ზოგადად, ყოველთვის იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. შარშან საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით სკოლებში ინერგება პროფესიული განათლება. ცნობადი გახდა პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში, რამაც გარკვეული როლი ითამაშა. კერძო სექტორის მხრიდან საგრძნობლად გაზრდილია ანაზღაურება. ამანაც დადებითად იმოქმედა. პედაგოგების 80% კერძო სექტორის წარმომადგენელია. არიან ბრენდული სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერები, ბრენდ-შეფები და კონდიტერები. ისეთი ადამიანები გვყავს მოწვეული, რომლებიც წამყვანი სპეციალისტები არიან დარგში და ბიზნესში. ეს ძალიან უწყობს ხელს დასაქმებას. დასაქმების მაჩვენებელი 80-90%-იანია. საწყის ეტაპზე ხელფასი 1000-1500 ლარია. შემდეგ, როცა შემდგარი მზარეულები და კონდიტერები ხდებიან, მზარდია მათი ანაზღაურება“, - აცხადებს რუსუდან ჩართოლანი.

კოლეჯ ,,იკაროსის“ დირექტორი აცხადებს, რომ სასწავლებელში კვების ტექნოლოგის მიმართულებით კურსის დანერგვა იგეგმება. მისი თქმით, ამ კურსის დამატებით სასწავლებელი კერძო სექტორს სრულ პაკეტს შესთავაზებს და კადრებს სრულად მოამზადებს როგორც მომსახურების მიმართულებით, ასევე წარმოების მიმართულებით.