სააგენტოს (GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის უფროსმა, მარიამ შაიშმელაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონი მომხმარებლის უფლებების შესახებ ახალია, ამიტომაც, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრი მეორე წელია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებს.

ტრენინგებში, სემინარებსა და ვებინარებში მონაწილეობას იღებენ როგორც მოსწავლეები, ისე სტუდენტები, თბილისსა და რეგიონებში.

„საუნივერსიტეტო და სასწავლო პროექტებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) შარშანდელი წლიდან ახორციელებს და დაინტერესება საკმაოდ მაღალია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით ვახორციელებთ ამ პროექტს. დავიწყეთ ტრენინგების ჩატარება სკოლებში, როგორც მომხმარებლის უფლებების, ისე კონკურენციის თაობაზე. ამ დროისთვის ტრენინგები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში უკვე ჩავატარეთ. ასევე, მოვიცავით ისეთი სკოლები, სადაც მოსწავლეების უმრავლესობას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ან შშმ პირები შეადგენენ. რა თქმა უნდა, ტრენინგები ჩავატარეთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებშიც. მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა პოპულარული იყოს უნივერსიტეტებში, რაც ერთი მხრივ ჩვენი სფეროს პოპულარიზაციას გამოიწვევს და ასევე, ჩვენ გვაქვს სტატიების კონკურსი, ვებინარები, ტრენინგები, რაც სტუდენტებისთვისაც სასარგებლოა. ამ წლებში განსაკუთრებით აქტიურები იმიტომ ვართ, რომ ჩვენი კანონმდებლობა, მაგალითად „მომხმარებლის უფლების შესახებ“ ჯერ ახალია და შესაბამისად, საზოგადოების ცნობიერება ისეთი მაღალი ვერ იქნება, როგორც სხვა დარგებში. წინასწარ გვაქვს მომზადებული სტუდენტებისა და მოსწავლეების ასაკზე მორგებული ინფორმაცია. სკოლის მოსწავლეებისთვის შევიმუშავეთ ილუსტრირებული პრეზენტაციები როგორც კონკურენციის, ისე მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ბავშვები განსაკუთრებით ინტერესდებიან, თუ რა უფლებები აქვთ მომხმარებელს, რა უნდა იკითხონ დისტანციური თუ ადგილზე ვაჭრობის დროს, რა პრივილეგიები აქვთ მომხმარებლებს ან პირიქით, რა უნდა გაითვალისწინონ. ბავშვები როგორც წესი, VII- XII კლასელები არიან, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ პატარებიც დაინტერესებულან და დაუსვამთ კითხვები. რაც შეეხება შშმ პირებთან ჩატარებულ შეხვედრებს, უნდა აღინიშნოს, რომ ყრუთა კავშირი, ისევე როგორ, უსინათლოთა კავშირი ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს და დახმარებას გვიწევს.

ჩვენ ყოველწლიურად, 10-15 მარტის პერიოდში, მომხმარებელთა უფლებების კვირეულს ვმართავთ. მუდმივად ვცდილობთ, ამ კვირეულში ყველა სეგმენტის მომხმარებლის ჩართულობა რაც შეიძლება მაღალი იყოს. 

ჩვენი განცხადების შევსების ფორმა, გაიდლაინები და ყველა ინფორმაცია ჟესტურ ენაზეც არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მხედველობადაქვეითებულ პირებს, ბრაილის შრიფტით შევადგინეთ გაიდლაინები, რაც გვაქვს და რაც ზოგადად ინფორმაციულ დონეზე მომხმარებლისთვის საინტერესოა. წლის ბოლომდე, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო პროგრამები ისევ გაგრძელდება და ვეცდებით ყველა სეგმენტი მოვიცვათ“,- აღნიშნა მარიამ შაიშმელაშვილმა.

შაიშმელაშვილის ინფორმაციით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ფუნქცია-მოვალეობა ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, GCCA-ს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაა. 

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ფუნქცია-მოვალეობები ორ ნაწილად რომ გავყოთ: ერთი მხრივ კვლევითი ცენტრი უფლებამოსილი და ვალდებულია, თავად სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს. ჩვენ ვეძებთ საჭირო ტრენინგ-კურსებს, სახელმძღვანელოებს და ვებინარებს, რომლებიც ჩვენს თანამშრომლებს განვითარებაში დაეხმარება. ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს არც ერთი საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც თანამშრომლებს ჩავრთავთ. მეორე ნაწილს კი ცნობიერების ამაღლება მოიცავს, ამ ნაწილში სასწავლო კვლევითი ცენტრი სწორედ საგანმანათლებლო და კვლევითი საქმეების დაგეგმვით გამოირჩევა“,- აღნიშნა GCCA-ს სასწავლო კვლევითი ცენტრის უფროსმა „კომერსანტის“ ეთერში.