„დღევანდელი შეხვედრა არის ჩვენი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურება და ხაზს უსვამს თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, ტურიზმისა და კავშირგაბმულობის სფეროებში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს უდავოდ იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდაში“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაზე განაცხადა.
კომისიის სხდომაზე, რომლის თანათავმჯდომარეები საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და უზბეკეთის ვიცე-პრემიერი, ჟამშიდ ხოჯაევი იყვნენ, განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს და უზბეკეთს გააჩნიათ, მათ შორის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ვაჭრობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. კომისიის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი სავაჭრო ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შექმნასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების გაზრდის საკითხებზე.
„არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, რათა გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლები მჭიდრო თანამშრომლობით. მაღალი დონის ვიზიტები ნათლად აყალიბებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ტენდენციებს. სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობები ნებისმიერი ქვეყნისთვის, უზრუნველყოს ევროპიდან წვდომა ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკურ სივრცეში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მსხვილ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, აღნიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი.
„ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს წლებში შევძლებთ შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა ტრანსპორტის სექტორში. 2024 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების შედეგად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი. ასევე ხაზგასასმელია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობაში. ზოგადად, საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლი და აღიარება, რადგან მას აქვს კონკურენტული უპირატესობა რიგ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მათ შორის იყო ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და 5G ქსელების განვითარება, სიხშირის რესურსების და ტექნიკური პირობების ჰარმონიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები და სხვა საკითხები, რომლებიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ინფორმაციული საზოგადოების განვითარებას.
„საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, წამყვანი სექტორი არის ტურიზმი და უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია ბოლო წლებში ვიზიტორთა ზრდის ტენდენციით და ძალზე მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ამ სფეროში ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისკენ“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. კომისიის სხდომაში ლევან დავითაშვილთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.