ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შრომის ბაზრები, საერთო ჯამში, მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რეგიონის რამდენიმე ნაწილში დასაქმების ზრდის შენელების ნიშნები უკვე გამოიკვეთა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ოქტომბრის ანგარიშშია საუბარი.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნების უმეტესობაში წლის პირველ კვარტალში დასაქმების დონე ზომიერად შემცირდა, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელი ზრდის ნაცვლად, რიგ შემთხვევებში, კიდევ უფრო შემცირდა. ასეთ ქვეყნებს შორის ბანკი საქართველოსთან ერთად ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს, თურქეთს, ბულგარეთსა და ხორვატიას ასახელებს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში და თურქეთში უმუშევრობის შემცირება, ძირითადად, უმუშევართა რაოდენობის კლებას არ უკავშირდება. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ამის მთავარი ფაქტორი სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლის შემცირება იყო.
„დასავლეთ ბალკანეთში უმუშევრობის შემცირებას დასაქმების კლება დაემთხვა, რაც სამუშაო ადგილების შექმნის სუსტ ტემპსა და მიგრაციის შედეგად სამუშაო ძალის გადინებაზე მიუთითებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ბანკის შეფასებით, არსებული დინამიკა აჩვენებს, რომ შრომის ბაზრის მიმდინარე კორექტირება ამ ეტაპზე უფრო დასაქმებისა და სამუშაო ძალაში მონაწილეობის შემცირების გზით მიმდინარეობს და ნაკლებად — პირდაპირი გათავისუფლებების ხარჯზე.
მსოფლიო ბანკი ამას კომპანიების ფრთხილ მიდგომას უკავშირებს. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტი კვლავ აქტუალურია, დამსაქმებლები თანამშრომლების შემცირების გადაწყვეტილებას შედარებით ფრთხილად იღებენ.
რეგიონში გამონაკლისად ცენტრალური აზია რჩება, სადაც შიდა ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები, განსაკუთრებით მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში, სამუშაო ძალაზე მოთხოვნას კვლავ აძლიერებს.