2022 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 49 118 შეადგინა, რომელთა შორის 25 366 კაცი და 23 752 ქალი იყო. ბოლო წლებში საქართველოში ფასების ზრდის გათვალისწინებით, დაკრძალვის ხარჯებიც დაახლოებით 10-15%-ით გაზრდილია. საფლავი, სასახლე, სარიტუალო ატრიბუტები, კატაფალკით მომსახურება, ქელეხის სუფრა - ეს ის ძირითადი ატრიბუტებია, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელია.

სარიტუალო დამკრძალავი ბიუროები მომხმარებლებს სხვადასხვა ფასის და ხარისხის, VIP და ეკონომ კლასის მომსახურებას სთავაზობენ, რომელთა მინიმალური ფასიც საფლავის გარდა, 10 000 ლარამდეა.

დაკრძალვისთვის აუცილებელი კომპონენტების ფასები შემდეგია:

სასაფლაოს ფასი - 50-დან 2000 ლარამდე

გარდაცვლილთა რიცხვიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება სასაფლაოების ფართობი. თბილისში და თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიაში შემავალ დაბებში გაშენებულია 60-მდე საქალაქო სასაფლაო და ოთხი პანთეონი. თბილისის საქალაქო სასაფლაოებს ადმინისტრირებას უწევს შპს „ჰერმესი“, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, კომპანია ოპერირებს დაკრძალვის ნაწილში და უზრუნველყოფს სასაფლაოს მოვლა-პატრონობას. კერძო სასაფლაოების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, თბილისში მათი რიცხვი დაახლოებით 20-მდეა. ამჟამად დახურულია რამდენიმე სასაფლაო, მათ შორის კუკიის და ვერის.

თბილისის სასაფლაოების ფასები რეგულირდება „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. კერძო სასაფლაოს ფასს კი ინდივიდუალურად განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

საქალაქო სასაფლაოები დაყოფილია 5 ზონად. ზონებს ნომერი ენიჭება იმის მიხედვით, თუ რამდენად არის დაშორებული სამანქანო გზისგან საფლავისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და როგორია რელიეფი. ზონებს ადგენს და შესაბამის ფასს განსაზღვრავს თბილისის მერია. ყველაზე ძვირი საფლავები მდებარეობს პირველ  ზონაში. მე-5 ზონაში ერთი და ორადგილიანი საფლავები უფასოა, ხოლო ყოველი მომდევნო ადგილის ღირებულებაა 700 ლარი, ამ შემთხვევაში ჭირისუფალს გადასახდელი აქვს მხოლოდ მესაფლავის მომსახურება. საფლავის ფასები ბოლო წლებში უმნიშვნელოდ 5-10%-ით გაიზარდა.

საფლავის ფასები პირველ ზონაში უბნების მიხედვით განსხვავდება:

საბურთალოს საქალაქო სასაფლაო:

1 ადგილიანი – 2000; 2 ადგილიანი – 4000

მახათას საქალაქო სასაფლაო:

1ადგილიანი – 800; 2 ადგილიანი – 1600

ღრმაღელეს საქალაქო სასაფლაო:

1ადგილიანი – 500; 2 ადგილიანი – 1000

მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაო:

1ადგილიანი – 400; 2 ადგილიანი – 800

ვაზისუბნის საქალაქო სასაფლაო:

1ადგილიანი – 500; 2 ადგილიანი – 1000

მუხიანის საქალაქო სასაფლაო:

1ადგილიანი – 200; 2 ადგილიანი – 400

ლილოს საქალაქო სასაფლაო:

1ადგილიანი – 50; 2 ადგილიანი – 100

მიცვალებულის ჩასასვენებელი - 250 ლარიდან

მიცვალებულის ჩასასვენებელი, იგივე სასახლე, ქრისტიანული წესების მიხედვით, დაკრძალვისთვის მთავარი აქსესუარია. დღეს დამკრძალავი ბიუროები ჭირისუფალს მიცვალებულის ჩასასვენებლის მრავალფეროვან მოდელს სთავაზობენ. მათი ფასიც მასალის და ვიზუალის მიხედვით განსხვავდება.

დამკრძალავ ბიურო „ჰადესში“ სასახლის ფასი 250 ლარიდან იწყება და 3000 ლარს აჭარბებს. ფასები წინა წლებთან შედარებით 15-20%-ით არის გაზრდილი.

კატაფალკი - 200 ლარიდან

ამ ტიპის ავტომობილების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, ერთ-ერთი ასეთია კატაფალკა ვიტო, ასევე კადილაკი და სპეციალური მარკის მერსედესი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შპს „დამკრძალავ ბიუროში“ კატაფალკის ფასი 200 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე ადის. კატაფალკის მომსახურების ფასი წინა წელთან შედარებით, საწვავის ფასების ზრდის გამო 10-15%-ით გაიზარდა. 

დამატებითი სარიტუალო პროდუქცია - 350 ლარიდან 

მიცვალებულის ბალზამირება, ჩაცმა და მოწესრიგება 300 ლარამდე ჯდება. გარდა ამისა აუცილებელია სუდარის შეძენა, რომლის ფასიც 50 ლარიდან იწყება.

100 კაციანი ქელეხი რესტორანში - 8500 ლარიდან

რესტორნებში და სარიტუალო დარბაზებში მრავალფეროვანი არჩევანია, შესაბამისად განსხვავდება ფასები, მომსახურება და ხარისხი. ერთი სტუმრის ფასი 85 ლარიდან იწყება. რესტორნებში ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 10%-ით არის მომატებული.

გარდაცვალების რეგისტრაცია

საქართველოში სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია. გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება საფასურის გარეშე.