2013-2022 წლებში სახელმწიფოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებში ჯიბიდან გაღებული დანახარჯების წილი 65%-იდან (2013) 43%-მდე შემცირდა (2022). აღნიშნულ პერიოდში კერძო ჯანდაცვის დაზღვევის წილი მთლიან ხარჯებში 14%-დან 7%-მდე შემცირდა, ხოლო სახელმწიფო დანახარჯების წილი 20%-დან 50%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.

მიმოხილვის მიხედვით, მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში შედარებით მაღალია: 2022 წელს საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 43% იყო, რაც ევროპისა და ცენტრალური აზიის 49 ქვეყნიდან 40 ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია.

„ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს უშუალოდ ფიზიკური პირები  ფარავენ მომსახურების ადგილზე და არა სხვა საშუალებებით, როგორიცაა სახელმწიფო დაფინანსება და სადაზღვევო პროგრამები.

ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის მიხედვით, 2023 წლისთვის საქართველოს მიზნობრივი მაჩვენებელი 25%-ია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამ მაჩვენებლით საქართველო ახლოსაა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა სომხეთი (78%), თურქმენეთი (77%), აზერბაიჯანი (65%), ტაჯიკეთი (65%), ალბანეთი (56%), უზბეკეთი (53%), უკრაინა (48%) და ყირგიზეთი (46%).

ჯიბიდან გადახდების 10%-ზე დაბალი წილი აქვთ ნიდერლანდებს (9%), საფრანგეთსა (9%) და ლუქსემბურგს (8%).

ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები 3 ტიპის დანახარჯებს მოიცავს: მოსახლეობის ჯიბიდან გაღებული დანახარჯები, სახელმწიფოს დანახარჯები და კერძო დაზღვევის დანახარჯები.