ევროკავშირმა და ბელგიამ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ევროკომისიისა და ბელგიის წარმომადგენლებს შორის გამართულ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე წინსვლა ვერ მოხერხდა. ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს ჩიხის გადალახვა იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს.
„ევრონიუსის“ წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ევროკომისიის მხრიდან უკრაინის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ალტერნატიული წინადადებების არარსებობის გამო ბელგიის მთავრობაში შეშფოთება იზრდება.
„ბელგიისთვის მნიშვნელოვანია, განიხილებოდეს ყველა ვარიანტი. საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა შესაძლო ვარიანტი საფუძვლიანად და გამჭვირვალედ უნდა შეისწავლონ“, – განუცხადა წყარომ „ევრონიუსს“ და იქვე განმარტა, რომ ასეთი ვარიანტები ჯერ არავის წარუდგენია.
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი ბელგიის ფინანსურ საცავში, Euroclear-ში შენახული 140 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას უჭერს მხარს. ცნობისთვის, სწორედ ბელგიაშია განთავსებული გაყინული რუსული აქტივების ძირითადი ნაწილი. მართალია ქვეყნის შეშფოთების გამო გეგმის დამტკიცება ვერ მოხერხდა, თუმცა საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში იქნება მიღებული. ბლოკი იმედოვნებს, რომ ბელგიასთან შეთანხმებას მიაღწევს.
წყარო: 1tv.ge