უნგრეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანია MOL-ი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის წინ აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთის ნავთობი 80 პროცენტამდე მოცულობით ჩაანაცვლოს სხვა წყაროებიდან მიღებული საწვავით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი.
MOL-ი ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს ფლობს არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ სლოვაკეთშიც - ანუ ევროკავშირის წევრ ორ უკანასკნელ სახელმწიფოში, რომლებიც რუსეთის ნავთობის მყიდველებად რჩებიან.
კვარტალურ ანგარიშში MOL-ი აზუსტებს, რომ ალტერნატიული მიწოდების ორგანიზება შესაძლებელი იქნება ხირვატიის მილსადენით, Adria-თი, რომელიც ადრიატიკის ზღვაში მდებარეობს.
MOL-ის განცხადება, რომელიც ორბანისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის წინ გამოქვეყნდა, შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, აღნიშნავს Bloomberg-ი. მანამდე უნგრეთის ხელისუფლებაც და თავად კომპანიაც აცხადებდნენ, რომ რუსეთის საწვავის ალტერნატივა არ არსებობდა.
ტრამპი ორბანს 7 ნოემბერს, თეთრ სახლში უმასპინძლებს. ვარაუდობდნენ, რომ უნგრეთის პრემიერი შეხვედრაზე შეეცდებოდა მისი ქვეყნის გათავისუფლებას ამერიკული სანქციებისგან იმ შემთხვევაში, თუ ბუდაპეშტი გააგრძელებდა რუსეთის ნავთობის შესყიდვას.
ოქტომბერში აშშ-ის სანქციები დაუწესდა რუსეთის უმსხვილეს კომპანიებს, "როსნეფტს" და "ლუკოილს".