დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ფუტკრის პარაზიტთან საბრძოლველად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც პრევენციული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის სწრაფი ინფორმირება უნდა მოახდინოს.
საქმე ის არის, რომ 2024 წლიდან მეფუტკრეობის სექტორი საქართველოში ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტროპილელაფსოზი პარაზიტია, რომელიც ფუტკრის ოჯახების დასუსტებასა და განადგურებას იწვევს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარგისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. ინფორმაციას bm.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც უდასტურებენ და აღნიშნავენ, რომ შეხვედრას უწყების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მეცნიერები, ვეტერინარები და მეფუტკრეობის დარგის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ ტროპილელაფსოზის დაავადებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი შესაძლო პრევენციულ ღონისძიებებზე დაიწყებს მუშაობას.
BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავა ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში პარაზიტი გურიის შედარებით დაბალ ზონებში უკვე ყველა მეფუტკრეს აწუხებს, ასევე სამეგრელოში - ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ჯვარის ჩათვლი ცაიშამდე, იმერეთში - სამტრედიაში, ხონში, წყალტუბოსა და ქუთაისში მეფუტკრეები ტროფილელაფსოზს ებრძვიან. მისივე ინფორმაციით, ეს დაავადება მარტივი აღმოსაჩენი არ არის. პაპავა განმარტავს, რომ ტროპილელაფსოზი პარაზიტია, რომელიც სხვა პარაზიტებთან შედარებით სამჯერ უფრო სწრაფად მრავლდება და შეუძლია 2 თვეში ფუტკრის ოჯახი დაღუპვამდე მიიყვანოს.
„ტროპილელაფსოზი პირველად 2024 წელს დავაფიქსირეთ და მივხვდით რომ მანამდეც იყო ამის ფაქტები. იმ მეფუტკრეების მეურნეობები, რომლებზეც გავეცით რეკომენდაცია როგორ უნდა ებრძოლონ ამ დაავადებას, რაც ძირითადად ზოოტექნიკური მეთოდები და ორგანული მჟავით ჩართულობაა, გადარჩნენ, მათი ზარალი მინიმალური იყო და შესაბამისად, ეს საფუტკრეები 2025 წლის გაზაფხულს განვითარების ფაზაში ხვდებიან და ამ საფუტკრეებიდან მოსავლიანობაც გვექნება. მთავარი რაც გასაკეთებელია, ეს დაავადების დროული აღმოჩენაა“, - აღნიშნა მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა.
ალეკო პაპავა ამბობს, რომ სამინისტროს ფუტკრის ამ კონკრეტული პარაზიტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა გაერთიანებამ მეფუტკრეებთან უშუალო კომუნიკაციის საფუძველზე უწყებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ პარაზიტი ფართოდ არის გავრცელებული და მისი უფრო მეტად გავრცელებაც მოსალოდნელია. ამიტომ დარგობრივ გაერთიანებაში დროული ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ და სამინისტროშიც განაცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი შეიძლება 50-60%-ს გადასცდეს.
საინფორმაციო კამპანია, სამოქმედო გეგმა და კვლევითი სამუშაოები - ალეკო პაპავას ინფორმაციით, ამ ძირითად საკითხებზე შეჯერდნენ უწყებაში გამართულ შეხვედრაზე. კითხვაზე - როგორ მოხდება მეფუტკრე ფერმერების ინფორმირება, გაერთიანების ხელმძღვანელი პასუხობს: „ჩვენ გვაქვს ურთიერთობა მეფუტკრეებთან და ტრენინგებს ვატარებთ, მაგრამ არიან მეფუტკრეები, რომლებიც ვერ მოდიან ტრენინგებზე ან ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მათთან მუშაობა რთულდება, ამიტომ საჭიროა სოფელ-სოფელ კარდაკარ სიარული და იმ ინფორმაციის გაზიარება, რაც ჩვენ გასული წლიდან დღემდე გვაქვს.
სამუშაო ჯგუფში, რომელიც კარდაკარ ივლის გათვალისწინებულნი არიან დარგობრივი ასოციაციები, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. აუცილებელია ვეტერინარული დეპარტამენტის და მათი საკონსულტაციო სამსახურების ჩართულობა, ასევე დაგვჭირდება მუნიციპალიტეტების დონეზე სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრა, რადგან მათ მეტი ინფორმაცია აქვთ სოფელში მცხოვრები მეფუტკრე ფერმერების შესახებ, იმისთვის რომ ინფორმაცია ყველასთან მაქსიმალუარ სწრაფად მივიტანოთ.
პირველ რიგში ის რეგიონები უნდა მოვიცვათ, სადაც ეს პარაზიტი გავრცელებულია და რისკის ზონებია. გაფრთხილება უნდა დავიწყოთ აღმოსავლეთ საქართველოში. მეფუტკრეები უნდა მოერიდონ დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში ფუტკრების ოჯახების გადაყვანას და პირიქით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რისკი მაღალია. ჩვენ უნდა ვეცადოთ გავამრავლოთ ფუტკრის ოჯახები, რადგან საქართველოს სჭირდება 900 ათასიდან, 1 მლნ-მდე ფუტკრის ოჯახი“.
ალეკო პაპავას ინფორმაციით, სამინისტროში ისაუბრეს სამოქმედო გეგმის აუცილებლობაზე: „იმისთვის, რომ ვიცოდეთ ვის რა ვალდებულებები გვექნება, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას კვლევითი ჯგუფი, რომელსაც ქართველი უხელმძღვანელებს და კვლევები ამის მიხედვით წარიმართება, რათა საქართველოში პარაზიტის გავრცელების შემდეგ ის თურქეთის გავლით ევროპაში არ გავიდეს“.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ტრიფოლელაფსოზის გავრცელების შემთხვევაში დანაკარგები მხოლოდ ფუტკრის მეურნეობას არ შეეხება.
"ეს მეფრინველეობა იქნება, მეცხოველეობა თუ მეხილეობა - ყველაფერს შეეხება, რადგან საკვები ბაზა - მცენარეები, ხილი, ნაყოფი ეს ყველაფერი ფუტკრის მიერ მცენარეთა დამტვერვით მიიღება. სახელმწიფომ ისიც უნდა გათვალოს, რომ მეფუტკრეობიდან არაპირდაპირი შემოსავალი ქვეყანას 90-100 მლნ ლარამდე აქვს. ანუ ფუტკრის მონაწილეობა საჭიროა იმ ჯაჭვში, საიდანაც საკვები პროდუქტები მიიღება, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ხილსა და კენკრაზე, არამედ ყველა მცენარეზე... ფუტკარი კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და დიდი მნიშვნელობა აქვს ცივილიზაციის მყოფადობისთვის", - განმარტა ალეკო პაპავამ.