თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტების გამაერთიანებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, დაარსების დღიდან გამოირჩევა მკაფიო და პირდაპირი პოზიციით. ჩვენ არასოდეს მოვრიდებივართ საქმიან კრიტიკას ვინმეს მიმართ, იქნება ეს სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია), სახელმწიფო თუ მსხვილი ენერგეტიკული ორგანიზაციები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ პროფესიული ეთიკა და წესიერება ყველაფერზე მაღლა დგას.

ახლაც, ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, როცა დასავლური კურსის თემა გასცდა ნორმალურ პოლიტიკურ დისკურსს და დარღვევებით ჩატარებული არჩევნების თემასთან ერთად გადაინაცვლა ქუჩაში, სადაც ვხედავთ თუ როგორი სისასტიკით უსწორდებიან მოქალაქეებს, რთულია გავჩერდეთ და არ დავაფიქსროთ ჩვენი პოზიცია.

პოლიტიკური ანალიტიკა სხვა დარგია და რადგან ყველა განსხვავებული დარგი საჭიროებს შესაბამის კომპეტენციასა და კვალიფიკაციას, ჩვენი განცხადების მიზანი არ არის მიმდინარე პროცესების სამართლებრივი ან პოლიტიკური ანალიზი. ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენეული ხედვა და პროგნოზი, თუ როგორ იმოქმედებს არსებული სიტუაცია ედისონის ცენტრის ფუნქციონირებაზე, ელექტროენერგეტიკული სექტორის გამართულად მუშაობაზე და აქედან გამომდინარე მთლიანად საქართველოზე, რადგან ენერგეტიკა ქვეყნისათვის სტარტეგიული მნიშვნელობის დარგია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრის მთავარი პარტნიორები არიან USAID-ი (ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო), ლატვიის ელექტროენერგეტიკული ასოციაცია LEEA, ლატვიის ელექტროენერგიის გამანაწილებელი სახლმწიფო ორგანიზაცია Sadales Tikls და სხვა ევროპული კომპანიები.

დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქრთველოსთან შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ლატვიამ, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, შემოიღო სანქციები ჩვენი ქვეყნის თანამდებობის პირების მიმართ, გაკეთდა განცხადება კანადის მხრიდანაც. არსებობს მოლდინი რომ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება. ეს არ არის ჩვენი სუბიექტური შეგრძენებები ან შეფასებები, ეს არის ფაქტი, რომლის ფონზეც ცენტრის ფუნქციონირება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩდება. შესაძლოა დღის წესრიგში მისი საქმიანობის შეჩერებაც დადგეს.

ედისონის ცენტრის ფუნქციონირების შეწყვეტა შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან შედარებით, რასაც დასავლელი პარტნიორების დაკარგვა გამოიწვევს. სწორედ მათი ფინანსური, მატერიალური, პროფესიული თუ სხვა ტიპის დახმარებით შეძლო დარგმა თავი დაეღწია 90-იანი წლების კოლაფსისგან. ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს ელექტრონერგეტიკული სექტორი არ არის მზად ნორმალური ფუნქციონირებისთვის დასავლელი პარტნიორების გარეშე. იგი განწირულია 90 -იანი წლების მსგავსი კოლაფსის, ან რუსეთის სისტემის მიერ „ჩაყლაპვისთვის“ და ეს ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები GOST-ი თუ IEC-ი.

ქართული ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროპული განვითარების ვექტორიდან მოწყვეტა და რუსულზე დაბრუნება, იქნება როგორც ინდუსტრიული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული კატასტროფა. მიგვაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში ყველა წესიერი ადამიანის, ორგანიზაციისა თუ გაერთიანების ვალია, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მიუხედავათ დარგის სპეციფიკის და კონსერვატიულობისა, დაუშვებლად მივიჩნევთ დუმილს იმ ინდუსტრიისგან, რომელიც ხალხში ასოცირდება სინათლესთან/შუქთან და ენერგიასთან. ჩვენს მისიაში ევროინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა არ ყოფილა შემთხვევითი ჩანაწერი. ეს იყო და არის არა მხოლოდ ინდუსტრიის, არამედ მთლიანად ქვეყნის შეგნებული, ისტორიული და კონსტიტუციურად გამყარებული პოზიცია.

ჩვენ, ამ ინდუსტრიის და ინდივიდების პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებას მხოლოდ დასავლურ სამყაროში ვხედავთ. ევროპა/დასავლეთი არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ, რომ ვდგავართ თავისუფლების, სინათლის და განვითარების ენერგიის მხარეს! ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია ვისაუბროთ მთლიანად ელექტროენერგეტიკული სექტორის სახელით, რომელიც ასობით კომპანიასა და ათასობით ადამიანს აერთიანებს. ედისონის ცენტრი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ორგანიზაციასთან თუ ფიზიკურ პირთან, რომლებსაც ასევე სწამთ, რომ დასავლეთი ინდუსტრიის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სწორი არჩევანია. ედისონის ცენტრი, ასევე, მზად არის დისკუსიისთვის იმ სუბიექტებთან, რომელებსაც განსხვებული პოზიცია გააჩნიათ. მზად ვართ გავმართოთ საჯარო დისკუსია, რათა ფართო საზოგადოებამაც დაინახოს განსხვავება დასავლურსა და სხვა ნებისმიერ ალტერნატივას შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.