საქართველოში ახლად რეგისტრირებული ავტომობილების ასაკობრივი სტრუქტურა იცვლება. TBC Capital-ის მონაცემებით, 2026 წლის 9 თვეში პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 6.9 წლამდე შემცირდა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შედარებით ახალი ავტომობილების წილი. კერძოდ, 0-5 წლის ასაკის ავტომობილების წილი პირველად რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებში 38%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო.

მიმოხილვის თანახმად, 6-10 წლის ასაკის ავტომობილების წილი 44%-ს შეადგენს, ხოლო 11 წლისა და უფრო ძველი ავტომობილების წილი 18%-ია. შესაბამისად, პირველად რეგისტრირებულ ავტომობილებში შედარებით ახალი მანქანების წილი მატულობს.

თუმცა, ავტომობილების პირველადი რეგისტრაციების საერთო რაოდენობის ზრდა გაცილებით მოკრძალებულია. 2026 წლის 9 თვეში პირველად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 129.6 ათასი შეადგინა, რაც წლიურად მხოლოდ 1.8%-იანი ზრდაა.

შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში პირველად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 127.3 ათასი იყო. ამასთან, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 163 ათასს, ხოლო 2025 წელს წლიურად 171.8 ათასს შეადგენდა.

საქართველოს ავტოპარკი მთლიანობაში კვლავ იზრდება. TBC Capital-ის მიხედვით, 2026 წლის 9 თვეში ავტოპარკის მოცულობა წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. ავტოპარკის ძირითად ნაწილს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომელთა წილი 82.6%-ია.

ბრენდების მიხედვით, საქართველოს ავტოპარკში კვლავ Toyota ლიდერობს. 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 233.3 ათასი Toyota-ს ავტომობილია. შემდეგ მოდიან Mercedes-Benz – 198.3 ათასი, Ford – 147.8 ათასი და Opel – 145.3 ათასი ავტომობილით.