რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლიდან შეიზღუდება, შეზღუდვა ასევე შეეხება კატალიზატორების ექსპორტსაც. პრემიერის თქმით, ქალაქში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჰაერის დაბინძურებაა, რადგან ქვეყანაში ბევრი გაუმართავი ავტომობილია, გამოწვევასთან გამკლავების ერთ-ერთ საშუალებად კი მთავრობას ქვეყანაში ევრო5-ის სტანდარტის შემოღება მიაჩნია, რაც კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.
რა მდგომარეობაა დღეს და კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შემდეგ, რა პერიოდშია მოსალოდნელი ჰაერის მაჩვენებლის გაუმჯობესება - ამ თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მარინა არაბიძემ ისაუბრა.
მარინა არაბიძის შეფასებით, ჯანსაღ გარემოს შესაქმნელად, ეს გადაწყვეტილება აუცილებელი და დროული იყო. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა საქართველოს ქალაქებში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი დამაბინძურებელი აზოტის დიოქსიდია, რომელიც ცალსახად ტრანსპორტის მხრიდან დაბინძურებას უკავშირდება.
„გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვაწარმოებთ და სპეციალური ინდიკატორების მეშვეობით ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების შემცველობას ვადგენთ, გამოკვეთილი დამაბინძურებელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, არის აზოტის დიოქსიდი, რომელიც ცალსახად სატრანსპორტო სექტორით არის განპირობებული.
გასულ წელს ჩვენ ჰაერს 25 ქალაქში ვიკვლევდით , მიმდინარე წელს წელს ეს ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვეთ და 30 ქალაქში მიმდინარეობს კვლევა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ 25 ქალაქიდან სადაც გასულ წელს ჩატარდა ინდიკატორული გაზომვები, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებლის გადაჭარბება დაფიქსირდა დედაქალაქში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ახალციხეში და ა.შ. 25 ქალაქიდან 13 ლოკაციაზე იყო გადაჭარებება.“ - აღნიშნა მარინა არაბიძემ.
მისი თქმით, გარდა ავტომობილების გამონაბოლქვისა, კონკრეტულ ლოკაციებზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები შეინიშნება და მისი გამომწვევი მიზეზი არის როგორც მშენებლობა, ასევე ავტომობილების დაბინძურება, პერიოდულად უდაბნოდან ჰაერის მასების შემოჭრა და მსხვილი საწარმოები.
„პრობლემურ დამაბინძურებლად ჩვენ ასევე გამოვყოფთ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციებს, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე გვხვდება, თუმცა აქ სხვადასხვა ფაქტორებია, ეს არის სამშენებლო სექტორიც, ბუნებრივად მომატებული ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, რომელიც უდაბნოდან ჰაერის მასების შემოდინებით გვხვდება ხოლმე და სხვა. ჰაერის გაუმჯობესების მიმართულებით ღონისძიებები კომპლექსურად ინერგება ხოლმე. ასევე მსხვილი საწარმოები მკაცრ რეგულაციებშია მოქცეული, ატმოსფერული ჰაერის თემაც ძალიან კომპლექსურია.“ - აღნიშნა მარინა არაბიძემ.
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის უფროსის თქმით, მას შემდეგ რაც 2024 წელს რეგულაციები ძალაში შევა, შედეგის დანახვა დაახლოებით წელიწად-ნახევარში იქნება შესაძლებელი