„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორი დამნაშავედ ცნო“ – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,მეტალ +“-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის, სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1 091 329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.
აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,მეტალ +“-ის ანგარიშზე ჯამში 893 522 ლარი, მათ შორის, 763 931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. კერძოდ, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212 840 ლარს შეადგენდა, ხოლო ჩარიცხულ თანხებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა 680 682 ლარი შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე უძრავი და მოძრავი ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა, რითაც 680 682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
მას ბრალდება საქართველოს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.