„საკმაოდ რთული მდგომარეობაა ხარაგაულში. ვფიქრობ, რომ ადგილზე ეს პროცესი [მეწყერი] გაგრძელდება“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავაც აქტიურია. მიწის ნაპრალების გაფართოების, საცხოვრებელი სახლების განადგურებისა და მომატებული საფრთხის გამო, მოსახლეობის ნაწილმა სოფლები უკვე დატოვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე პროცესები მოკლე დროში განვითარდა. ერთი ვარაუდით, პროცესები ბუნებრივი ტექტონიკური მოძრაობის შედეგად განვითარდა. მეორე ვერსიით კი, საქმე გვაქვს ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი მოვლენების თანხვედრასთან. ჯერჯერობით მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.
„საკმაოდ რთული მდგომარეობაა ხარაგაულში. ვფიქრობ, რომ ადგილზე ეს პროცესი [მეწყერი] გაგრძელდება. ბევრს შესაძლოა, არ უნდოდეს, რომ მიზეზი დაინახოს, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოწვეული ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი პროცესების თანხვედრის. საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივყავართ პროცესებს. საკმაოდ რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე ხარაგაულში. შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულია იმ პრობლემებისგან, რასაც ვხედავთ ზოგადად კავკასიონზე და აჭარა-თრიალეთის ქედზე.
ხარაგაულში მიმდინარე პროცესები საჭიროებს სერიოზულ შესწავლასა და შეფასებას. მინდა ყველა დეველოპერი გავაფრთხილო, არ აქვს მნიშვნელობა ეს სახელმწიფო იქნება თუ კერძო კომპანია - სანამ დავიწყებთ რაიმეს დაგეგმვას და აშენებას, იქნებ მივუბრუნდეთ ტერიტორიის სერიოზულ შესწავლის საკითხს, რადგან დღეს რომ არ მოდის ნალექი და არ არის ადიდებული მდინარე, ხვალ შესაძლოა ეს პრობლემა გახდეს აქტუალური. დიდი მდინარეები გვაქვს, ყველგან არის პრობლემები და საქართველოში ყველგან მეწყრული პროცესები არის დაძრული“, - აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, საჭიროა ადგილზე პროცესების დეტალური შესწავლა და კონკრეტული მიზეზების დადგენა.
„მიზეზები ზუსტად არ ვიცით, არსებობს ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს არასწორი მშენებლობის შედეგად ან ტექტონიკით. ორი მიზეზი სახელდება ამ ეტაპზე, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი შესწავლა და დაკვირვება. ფაქტი ერთია - პროცესი დაწყებულია და პროცესი იზრდება, იქნება უფრო მძიმე. მე რამდენადაც ვიცი ორ სოფელზეა გადასული მეწყერი ჯერჯერობით, მაგრამ არეალი იზრდება, ორი სოფელიც კი ბევრია.
რამდენადაც ვიცი, ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები. მუშაობს კერძო კომპანიაც, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიქირავა, ისინი აფასებენ ზიანს, მაგრამ სპეციალისტები მუშაობენ და იციან, რომ პრობლემა შესაძლოა, უფრო გამწვავდეს. ხელოვნურად ამას ვერ გავაჩერებთ. ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ რა ხდება. ნურავის ნუ უკვირს, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ეს არ ფიქსირდებოდა, წელს ეს პროცესები ფიქსირდება, რადგან ბოლო პერიოდში უფრო მეტი და მეტი გამოვლინება აქვს მეწყერსაშიშ უბნებს და უფრო მეტი ასეთი უბანი ემატება საქართველოს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნინო ჩხობაძემ.