„ქართული ოცნება“ საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის ჩატარების პროცესს ამარტივებს. ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. მათი თქმით, დაგეგმილი ცვლილებები „საჯარო სექტორს გააჯანსაღებს“. 

აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი დაჩქარებული წესით, 2 თვეში წარიმართება, ასევე,  რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის სასამართლო საჩივარი გადაწყვეტილების მოქმედებას არ შეაჩერებს.

„ეს ძალიან პირდაპირი დაანონსებაა პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების შევიწროების, დევნისა და მასობრივი დათხოვნის“,- ამბობს ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. 

,,რიგი საჯარო მოხელეების კრიტიკული განცხადებების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ კალაძე პირველი იყო, ვინ თბილისის მერიაში რეპრესიები გამოაცხადა. თქვა, რომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ რეორგანიზაცია და ამ დროს გამოვიყენებთ წმენდისთვისო. ეს არის ძალიან პირდაპირი დაანონსება პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების შევიწროების, დევნისა და მასობრივი დათხოვნის. 

რეორგანიზაცია არ არის მიზეზი, რომელიც დასაქმებულის გათავისუფლების უფლებას ნებისმიერ შემთხვევაში გაძლევს, მას დღევანდელი კანონმდებლობით საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები აქვს. როგორც ჩანს, ეს რეგულაციები მათ წინაღობად აღიქვეს, რადგან ამ პროცესის სწრაფად და მარტივად წარმართვა უნდოდათ. ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს დაეინიცირებინათ ეს ცვლილებები, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ამჟამინდელ კანონმდებლობას, კონსტიტუციურ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, რომელიც შრომის უფლებებს განამტკიცებს“,- აღნიშნა იურისტმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

მუხლების ცალ-ცალკე განხილვა საერთო სურათის აღქმას ართულებს, მთლიანობაში კი ცვლილებების მთავარი მიზანი რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა ისე, რომ ამ მოტივით გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საჯარო სამსახურის სისტემაში შემობრუნება ვეღარ შეძლოს, ან, სულ მცირე, გაუჭირდეს.

შუბლაძის შეფასებით, ეს საჯარო მოხელეების დამოუკიდებლობის სრული განადგურებისთვის ჩაჭედებული „ბოლო ლურსმანია“. 

„ეს ცვლილებები: დაჩქარებული წესით რეორგანიზაციის გამოცხადება, მისი დაწყება რაღაც ფორმალური საფუძვლით, დასაქმებულისთვის დამატებითი ფუნქციების დაკისრება, ერთ მიზანს ემსახურება.

ასევე აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის დროს სხვა თანამდებობაზე ან დეპარტამენტში მობილობის შეთავაზებების ვალდებულება უწყებას აღარ ევალება, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ორგანიზაციის სრული ლიკვიდაცია მოხდება. აშკარა და თვალსაჩინოა, რომ ეს პროცესი საჯარო სექტორის ბოლომდე დამორჩილების და პარტიული ნიშნით დამორჩილების მიზნითაა განპირობებული - ეს არის ბოლო ლურსმნის ჩაჭედება საჯარო სამსახურებისთვის. 

მუდმივად იყო ეჭვი, რომ ეს ინსტიტუტები არ იყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა სრულად იწმინდება ოდნავ განსხვავებულად მოაზროვნე ხალხისგან, არ ვსაუბრობ ოპოზიციონერებზე, ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებმაც თქვეს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რამ მათი ვალდებულებაა. ამ დონის განსხვავებული აზრიც კი აღარ იქნება შეწყნარებული ისეთ რეჟიმში გადავდივართ“,- განმარტავს სალომე შუბლაძე.