საჯარო სამსახურებში დაწყებული რეპრესიების ფონზე, კინორეჟისორი გიორგი თავართქილაძე ფიქრობს, რომ პროცესები კვლავ გაგრძელდება და ივანიშვილის რეჟიმი უწყებებს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან საბოლოოდ დაცლის.

"ჩვენ მივიღებთ შერყვნილ საჯარო სექტორს, სადაც პროფესიონალები აღარ იქნებიან" - ამბობს გიორგი თავართქილაძე, რომელიც საჯარო სამსახურებში მომუშავე ადამიანებს გაფიცვისკენ მოუწოდებს. \

"ვხედავ, რომ ნელ-ნელა იფერება, იფილტრება ყველა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანისაგან. ცოტა ხანში ჩვენ მივიღებთ შერყვნილ საჯარო სექტორს. ასე ვიტყოდი იმიტომ, რომ იქ აღარავინ აღარ იქნება პროფესიონალი. ნუ ექნება ნურავის იმისი ფიქრი, რომ ეს ინსტიტუციები უცბად ჩამოიშლება. ისინი უბრალოდ იმუშავებენ რეჟიმისთვის, ამიტომ სანამ დრო არის ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი წინააღმდეგობა, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდნენ, შეაჩერონ მუშაობა და აიძულონ რეჟიმი, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს ნორმალურ პირობებს", - ამბობს გიორგი თავართქილაძე. 

ცნობისთვის, საჯარო დადგენილების თანახმად, 17 მარტიდან თბილისის მერიაში მინიმუმ 17 ადამიანით ნაკლები იმუშავებს. საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, 17-მა ადამიანმა შემთხვევით გაიგო, რომ მერიაში აღარ მუშაობს. ზოგიერთ მათგანს მიზეზად შტატების შემცირება დაუსახელეს. ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არც კი გააფრთხილეს, ამიტომ იძულებულები დარჩნენ საკუთარი სახელები და გვარები საშტატო ნუსხის დოკუმენტში მოეძებნათ.

გათავისუფლებული თანამშრომლები საჯარო მოხელეების განცხადების ხელმომწერები არიან. ისინი "რეორგანიზაციას" მხოლოდ იმას უკავშირებენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, კონსტიტუციის ერთგულები დარჩნენ და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე დადგნენ. 

წყარო tv pirveli