სააპელაციო საბჭომ განიხილა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზაციის საბჭო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ხელახლა განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ათი სამუშაო დღეში გამოქვეყნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ამასთან, მანამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააპელაციო საბჭომ არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ილიაუნის საკითხი ხელახლა უნდა იყოს განხილული.

შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ექვსწლიანი ავტორიზაცია მიიღო, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს შუამდგომლობით მიმართა, უნივერსიტეტის მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასების მიზნით, ერთი წლის თავზე გეგმური მონიტორინგი ჩაატაროს.

უნივერსიტეტმა მაშინ განმარტა, რომ პრინციპულად არ ეთანხმებოდა საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და მას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაწესებულებას ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები მისცა. მოგვიანებით კი, მათივე ცნობით, ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

1tv.ge