შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„მეგობრებო, Chocoholic - შოკოჰოლიკი დროებით აჩერებს შეკვეთების მიღებას. ადრე ომში წასულ ქართველ ჯარისკაცებს ჩურჩხელას ატანდნენ, რადგან ის კალორიული, მარტივად შესანახი და დამანაყრებელი საკვებია ძალების აღსადგენად.
დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტუაციაში, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ქალი მეწარმე და ორი შვილის დედა, გადავწყვიტე დავეხმარო მათ ერთადერთი გზით, რაც ამ ეტაპზე შემიძლია.
დღეს საღამოს, ჩურჩხელას ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ საახალწლოდ მომზადებული ნუგების მთელი მარაგი გადაეცემათ რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს, რადგან ჩემთვის არ არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსეული მომავალია. ეს ჩემი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატულებაა, იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში მონაწილეობენ. ასევე, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დგანან ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით ამ საერთო მიზნის გარშემო და სწორედ ასე ვაშენებთ ჩვენს მომავალს. აქციის მონაწილეებს, ასევე შეგიძლიათ მიბრძანდეთ 8000 მოსავალი / 8000 Vintages თაბუკაშვილის ფილიალში და იქ გაგიმასპინძლდებიან ჩვენი ნუგებით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.