მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ახალ ოფისს თბილისში, დიდი ხეივნის 3 ნომერში იშენებს. პროექტის მიხედვით, რვა სართულიანი ოფისი 8 383 კვ.მ-ს მოიცავს და მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, 4953.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვლადიმერ წითლანაძის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობა.
„საპროექტო შენობა საოფისე დანიშნულების ნაგებობაა, რომელიც რომელიც შედგება 2 ნაწილისგან, რომელთაგან ერთი მრავალსართულიანია (8 სართული), მეორე კი ერთსართულიანი. 8 სართულიანი საოფისე დანიშნულების ნაწილი შედგება მიწისპირა და 7 მიწისზედა სართულისგან.
ერთსართულიანი ნაწილი კი ცვალებადი სიმაღლისაა, მის ერთ ნაწილში მიწისქვეშა ავტოსადგომი იქნება განთავსებული, ნაწილში კი – კინოთეატრი.
შენობა გეგმაში ტეხილი მოხაზულობისაა; მისი სიმაღლე 0,00 ნიშნულის დონიდან 34.10 მეტრია“, - წერია განმარტებით ბარათში.
მმართველი პარტიის განმარტებით, ოფისის მშენებლობას „ქართული ოცნება“ არ აფინანსებს და შენობა იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს.
„ქართული ოცნებისთვის“ ახალ ოფისს 2021 წელს რეგისტრირებული შპს „ნიუ ოფისი“ აშენებს, რომლის 100%-იან წილის დავით ანდღულაძე ფლობს. მშენებლობის ნებართვა კომპანიამ გასულ წელს მიიღო, მიმდინარე წლის აპრილში კი ვადების კორექტირება მოითხოვა.
შპს „ნიუ ოფისის“ გარდა დავით ანდღულაძის სახელს უკავშირდება შპს ანაგი, შპს მინისო ჯორჯია, სს სუფსა ენერჯი, შპს ლისი დეველოპმენტ პლუს, შპს გრანდი და 25-მდე კომპანია. გარდა ამისა, დავით ანდღულაძე „ქართული ოცნების“ შემწირველია, მან მმართველ პარტიას ორჯერ 2021 წელს და 2023 წელს ჯამში 110 000 ლარი შესწირა.