რუსეთიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსული გამოცემა Коммерсантъ-ის ინფორმაციით, უძრავი ქონების საძიებო პლატფორმა Prian-ის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთიდან შემოსული მოთხოვნების რაოდენობა წლიურად 40%-ით გაიზარდა.

გამოცემის ცნობით, საქართველოს მიმართულებით გაზრდილ ინტერესს სხვა საერთაშორისო პლატფორმაც ადასტურებს. კერძოდ, Tranio-ს ანალიტიკოსებმა რუსი მომხმარებლების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესების კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს. კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, ამას შესაძლოა საქართველოში მოქმედი დეველოპერების აქტიური მარკეტინგული კამპანიებიც უწყობდეს ხელს. მისი თქმით, ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების ნაწილი სულ უფრო მეტად ორიენტირდება რუს მყიდველებზე.

ამასთან, Prian-ის მონაცემებით, რუსეთიდან უცხოური უძრავი ქონების შეძენით დაინტერესება მთლიანობაში 8%-ით გაიზარდა. ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ტაილანდი რჩება, რომელზეც მოთხოვნების 17% მოდის. ამასთან, ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესება წლიურად 34.9%-ით შემცირდა. რუსი მყიდველებისთვის პოპულარულ მიმართულებებს შორის ასევე რჩება საქართველო, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

Коммерсантъ-ის ინფორმაციით, რუსი მყიდველები უცხოურ უძრავ ქონებას ძირითადად საინვესტიციო მიზნებისთვისაც განიხილავენ. Tranio-ს შეფასებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა 45% ინვესტიციის მიზნით ეძებდა ობიექტებს. ექსპერტების განმარტებით, უძრავი ქონება მათთვის კაპიტალის შენარჩუნებისა და დივერსიფიკაციის ერთ-ერთ საშუალებად რჩება.