„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 17  წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა“ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს.

„მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. 1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 299,172 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. 

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა  უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა.

ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2025 წლამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული  3 594 პირი, მათგან 2 024 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 570 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2025 წლის მდგომარეობით  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით — 4 მოქალაქე.

კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.  საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.  ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართებია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 50 კილომეტრს აღემატება.  

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და  მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის წარმოებას და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინიციატივებისა და მიდგომების წახალისებას“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.