პოლონეთში დაწყებითი სკოლის სასწავლო გეგმაში შეიტანენ გარემოსდაცვითი განათლების საფუძვლებს.
ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას ცალკე გაკვეთილები არ დაეთმობა, თუმცა, ის ინტეგრირებული იქნება ყველა სასწავლო საგანში. მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე ბავშვებს სთხოვენ გამოთვალონ რამდენი წყალია საჭირო ერთი ჯინსის შარვლის წარმოებისთვის. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა მოტივაციას გაუჩენს სკოლის მოსწავლეებს, იფიქრონ გადაჭარბებულ მოხმარებაზე და უპირატესობა მიანიჭონ კლიმატგონივრულ მოხმარებას, რამაც ჯამში ბუნებრივი რესურსების დაზოგვა გამოიწვიოს და გარემოზე ზეწოლა შეამციროს.
ამ დროისთვის გარემოსდაცვითი კომპონენტით ინტეგრირებული პროგრამა 16 პროვინციაში იტესტება. მომავალში ამგვარი პროგრამა მთელ პოლონეთში დაინერგება.
სხვათა შორის, კრაკოვის (პოლონეთი) სკოლებში გადაწყვიტეს ცხოველებისა და ბუნების სიყვარულის გაკვეთილების დანერგვა 1-3 კლასების მოსწავლეებისთვის. კრაკოვში სურთ ასწავლონ ბავშვებს ყველა ცოცხალი არსების პატივისცემა და ჩაუნერგონ გარემოსდაცვითი უნარები და ჩვევები. გაკვეთილების განმავლობაში სტუდენტები ეწვევიან ვეტერინარებს, რათა გაეცნონ ცხოველებთან მოპყრობის სირთულეებს, დარგონ ხეები და ჩაატარონ დაკვირვებები და კვლევები ტყეებში. სახელმძღვანელოს გამოყენებით ბავშვები გაეცნობიან, მაგალითად, რატომ შეიძლება იყოს საშიში არდადეგების დროს ხმამაღალი ფოიერვერკი ცხოველებისთვის.
2023 წელს პრაღის სკოლებში გაჩნდა გაკვეთილები საკვების პასუხისმგებლობით მოპყრობის შესახებ. ჩეხი მოსწავლეები უდანაკარგო საკვებწარმოების სპეციფიკას სწავლობენ. ბავშვებს ასწავლიან, როგორ წარმოქმნან საკვების ნაკლები ნარჩენები. სკოლის მოსწავლეები სწავლობენ, საკვების ფრთხილად შეძენას, მომზადებას და შენახვას. გაკვეთილები დაწყებითი სკოლის სასწავლო გეგმაში 2023 წლიდან შევიდა.
ევროპის სხვა ქვეყნებიც ცდილობენ ასწავლონ ბავშვებს საკვების ნარჩენების სწორად მოპყრობა. 2017 წლიდან უნგრეთის ზოგიერთმა სკოლამ დაიწყო ცალკეული გაკვეთილების ჩატარება პასუხისმგებლობით კვებაზე.