მოგზაურობის ხელმისაწვდომობასთან ერთად სულ უფრო იზრდება ტურიზმის გავლენა გარემოზე. ნახშირბადის გამონაბოლქვი, პლასტმასა, ჰაბიტატის განადგურება და კულტურული ეროზია – ის მთავარი გამოწვევებია, რომლებიც ჯანსაღმა ტურიზმმა უნდა დაძლიოს. თუმცა არსებობს მდგრადი ტურიზმისკენ მიმართული გლობალური მოძრაობა – მიდგომა, რომელიც ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს მოგზაურობის უარყოფითი ეფექტები და მაქსიმალურად გაზარდოს მისი სარგებელი გარემოსთვის, ადგილობრივი თემებისა და მომავალი თაობებისთვის.

რა არის მდგრადი ტურიზმი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) მდგრად ტურიზმს განსაზღვრავს, როგორც ინდუსტრიას, რომელიც „სრულად ითვალისწინებს მის მიმდინარე და მომავალ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოზე ზემოქმედებას, აკმაყოფილებს ვიზიტორების, ინდუსტრიის, გარემოს და მასპინძელი თემების საჭიროებებს“. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს მოგზაურობას ისე, რომ პატივი სცე ბუნებას, შეინარჩუნო კულტურა და სარგებელი მოუტანო ადგილობრივ მოსახლეობას.

რატომ არის მდგრადი ტურიზმი მნიშვნელოვანი

პირველ რიგში, ეს ეხება გარემოს დაცვას. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც პოპულარულ მიმართულებებად მიიჩნევა, დიდია ჭარბი ტურიზმის, ტყეების გაჩეხვის, ველური ბუნების დარღვევის რისკები.

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება: უკონტროლო ტურიზმმა შეიძლება ადგილობრივი კულტურები და ტრადიციები მოარღვიოს.

ეკონომიკური ბალანსი: მდგრადი ტურიზმი უზრუნველყოფს, რომ მოგზაურების მიერ დახარჯული თანხა ადგილობრივებისთვის იყოს სარფიანი. 

როგორია მდგრადი მოგზაურობა

ახლა კი მთავარი კითხვა – როგორ ვიმოგზაუროთ ისე, რომ ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ბუნებას? 

აქ მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ გახდეთ უფრო მდგრადი მოგზაური:

აირჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი

მოძებნეთ სასტუმროები, კოტეჯები ან ჰოსტელები ეკოსერტიფიკატებით, როგორიცაა LEED, Green Key ან EarthCheck. ეს ადგილები ხშირად იყენებენ განახლებად ენერგიას, ამცირებენ წყლის დანაკარგებს და თავს არიდებენ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებას.

იმოგზაურეთ მსუბუქად და გონივრულად

ნაკლები ბარგის ჩალაგება ამცირებს თვითმფრინავების წონას, რაც, თავის მხრივ, საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვს ამცირებს. ასევე, სასურველია, მოგზაურობისას იქონიოთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთები, როგორებიცაა წყლის ბოთლები, ჭურჭელი და სავაჭრო ჩანთები.

აირჩიეთ უფრო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი

შესაძლებლობის შემთხვევაში, თვითმფრინავის ნაცვლად იმგზავრეთ მატარებლით ან ავტობუსით. ქალაქების დასათვალიერებლად გამოიყენეთ ველოსიპედი ან ისეირნეთ ფეხით. თუ ფრენა აუცილებელია, აირჩიეთ პირდაპირი ფრენები. 

პატივი ეცით ადგილობრივ ველურ ბუნებას

მოერიდეთ ცხოველებზე ექსპლუატაციას, როგორიცაა სპილოებზე გასეირნება ან ფოტოსესიების მოწყობა  ვეფხვებთან და ლომებთან. ამის ნაცვლად, მოაწყვეთ ისეთი ტურები, როგორიცაა გიდიანი საფარი ან ძლიერი კონსერვაციული პრაქტიკის მქონე თავშესაფრები. 

მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ეკონომიკას

ადგილობრივ კვების ობიექტებში ჭამა და ხელნაკეთი ნივთების შეძენა თუ გიდის დაქირავება სწორედ მხარდამჭერი აქტივობებია. ეს ფული პირდაპირი გზით დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობასა და მცირე ბიზნესებს. 

არ დატოვოთ კვალი

დაიცავით „კვალის არდატოვების“ პრინციპი: არ დაყაროთ ნაგავი, არ იაროთ ისეთ ტყის ბილიკებსა თუ სკვერებში, სადაც ბალახზე გადასვლა არ შეიძლება. მოერიდეთ ბუნებრივი ნივთების წაღებას სუვენირად, როგორებიცაა მცენარეები, ქვები და სხვა.

იყავით ინფორმირებულნი ადგილობრივი კულტურის შესახებ

პატივი ეცით იმ ქვეყნის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, სადაც მიდიხართ, ჩაიცვით შესაბამისად, ისწავლეთ რამდენიმე იქაური სიტყვა. ეს ხელს უწყობს ტურისტებსა და მასპინძელ თემებს შორის უკეთესი ურთიერთობების დამყარებას.

მოგზაურობის მომავალი

ცნობიერების ზრდასთან ერთად, ბევრი მოგზაური და ინდუსტრიის ლიდერი დგამს ნაბიჯებს უფრო მწვანე ტურიზმისკენ. მთავრობები ქმნიან დაცულ ტერიტორიებს, ბიზნესები ინვესტიციებს დებენ მდგრად პრაქტიკაში და ტურისტები უფრო მეტად აცნობიერებენ საკუთარ გავლენას. ინფორმირებული არჩევანის გაკეთებით, თითოეულ მოგზაურს შეუძლია წვლილი შეიტანოს იმ ადგილების სილამაზისა და მთლიანობის შენარჩუნებაში, რომლებსაც სტუმრობს.

დასკვნის სახით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მდგრადი ტურიზმი არ ნიშნავს მოგზაურობის სიხარულის დათმობას, ეს ნიშნავს ისეთი არჩევანის გაკეთებას, რომელიც იცავს პლანეტას და მის მოსახლეობას. პასუხისმგებლობიანი მოგზაურობით, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მსოფლიოს ბუნებრივი და კულტურული საგანძურის ხელუხლებლად შენარჩუნებას.

წყარო: marketer.ge