საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვანებისთვის, 2027 წლიდან, ეტაპობრივად, ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, მიკროავტობუსების, მინივენებისა და ავტობუსების მძღოლებისთვის, სავალდებულო იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებისა და ტაქოგრაფის დამონტაჟება.

ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტაქოგრაფის ვალდებულება თბილისი – ბათუმის მიმართულებით მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის 2027 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება, სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებას შორის მოძრავი ტრანსპორტისთვის კი - 2027 წლის 1-ელი დეკემბრიდან.

რაც შეეხება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენების რეგულაციას, თბილისი – ბათუმის მარშრუტზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის - 2027 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება, სხვა ყველა დასახლებას შორის მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის კი 2027 წლის 1-ელი დეკემბრიდან.

"ბიზნესპრესნიუსი" ცვლილებების შინაარსსა და მის დანიშნულებაზე ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ტაქოგრაფების მეშვეობით, მძღოლების სამუშაო და დასვენების რეჟიმები გაკონტროლდება, რაც საგზაო უსაფრთხოებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ახალი ვალდებულებები დროულად უნდა ამოქმედდეს და მისი გაჭიანურება არასწორია.

"უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილებები სათანადოდ დარეგულირდეს. 2025 წელს განსაკუთრებით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ფატალური შედეგების რაოდენობა. ეს უკვე სისტემურ გამოწვევად იქცა და გაზრდილი სტატისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ უკავშირდება.

საქალაქთაშორისო გადაყვანების უსაფრთხოების ხარვეზებს. შესაბამისად, საქალაქთაშორისო გადაყვანების რეგულირება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად უნდა განიხილებოდეს საგზაო უსაფრთხოების სფეროში. დღეს ფაქტობრივად, არ ხდება მძღოლების მუშაობა-დასვენების რეჟიმის ეფექტიანი კონტროლი. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება ახალი სისტემის ამოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობისა და დასვენების რეჟიმების, ასევე სიჩქარის ლიმიტების მონიტორინგს. ეს არ არის ბიუროკრატიული მოთხოვნა - ეს არის სიცოცხლის დაცვის მექანიზმი. შესაბამისად, რაც უფრო მეტხანს გადაიდება რეფორმის განხორციელება, მით უფრო მაღალი რისკის ქვეშ ვაყენებთ როგორც მძღოლებს, ისე მგზავრებს.

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, რეგულაციების დროული და თანმიმდევრული განხორციელება აუცილებელია, რათა საქალაქთაშორისო გადაყვანებზე რეალურად გაიზარდოს უსაფრთხოების დონე და შემცირდეს მძიმე შედეგების რისკი. დღეს ბაზარზე არიან ოპერატორები სამარშრუტო მძღოლების სახით, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას კონტროლის მიღმა ახორციელებენ. ასეთ პირობებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია და მგზავრები დაუცველ მდგომარეობაში რჩებიან.

ავტოსადგურების რეგულირების სისტემის შექმნა სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი - ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა მძღოლი და ოპერატორი გახდეს რეგულირების ერთიანი სისტემის ნაწილი და გაკონტროლდეს ყველა ის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მგზავრობის უსაფრთხოებას განსაზღვრავს. რეფორმის სრულად განხორციელების შემდეგ ავტოსადგურები ვალდებულები იქნებიან გამგზავრებამდე შეამოწმონ მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გააკონტროლონ მისი მუშაობისა და დასვენების რეჟიმი, ასევე მგზავრთა რაოდენობა, რათა თავიდან იქნას აცილებული გადატვირთვა და მასთან დაკავშირებული რისკები",- ამბობს ეკა ლალიაშვილი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი