ცოტა ხნის წინ პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ამით შესაძლებელია საქართველოს საავტორო ბაზარზე ახალი კომპანიის, GERA-ს ფუნქციონირება დასაშვები გახდეს.

ამ ცვლილებას ხელოვანებსა და საავტორო უფლებების სფეროში მომუშავე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ხელოვანთა ნაწილისთვის ცვლილებები მისაღებია, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციასთან  კარგად თანამშრომლობენ და სხვა ორგანიზაციასთან კავშირის აზრს ვერ ხედავენ.

ხელოვანების ნაწილმა GERA-სგან თანამშრომლობაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა უარი განაცხადა.  მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ღიად რჩება კითხვები GERA-ს რუსეთთან კავშირებზე, ის შემოთავაზებას არ განიხილავს.

„თანამშრომლობის შესაძლებლობა რომ განვიხილო, უნდა მქონდეს არგუმენტირებული პასუხები საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე, ვინ არის შემოთავაზების ავტორი, რა კომპანიაა, რა კავშირი აქვს მას მტრულად განწყობილ ქვეყანასთან. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი ვინმესთან თანამშრომლობა იყოს ღირსეული და გამჭვირვალე. სანამ ეს არ მოხდება, მე არც არაფერს გამოვრიცხავ და არც არაფერს ვადასტურებ“, - განაცხადა გიორგი სუხიტაშვილმა.

გიორგი სუხიტაშვილის განცხადებით, რამდენიმე წელია, რაც GERA-სგან თანამშრომლობის შემოთავაზება აქვს მიღებული, თუმცა თანამშრომლობას საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციასთან განაგრძობს.

„მქონდა შემოთავაზება GERA-სგან, რომ მათ დაეცვათ ჩემი საავტორო უფლებები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით კვლავ დაულაგებელია, მე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რის გამოც ჯერჯერობით თავი შევიკავე.

მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ნებისმიერი ქმედება კანონთან თავსებადი უნდა იყოს, ამავდროულად, საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკური მდგენელიც უნდა იყოს გამქრალი. მხოლოდ ის ფაქტორი, რომ ვინმე მეტს გადამიხდის, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის ჩემი მიზანი“, - აცხადებს მომღერალი.

ამ საკითხზე „კომერსანტი“ კიდევ რამდენიმე მომღერალს ესაუბრა.

ნოდიკო ტატიშვილი ამბობს, რომ ვერ ხედავს საჭიროებას, მისი საავტორო უფლებების დაცვის საკითხზე სხვა ორგანიზაციასთან გააფორმოს ხელშეკრულება, მაშინ როცა საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციასთან უკვე წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს.

„GERA-სგან რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, თუმცა მე GCA-ში ვარ. ვერ ვხვდები აზრს, რატომ უნდა გადავიდე სხვა ორგანიზაციაში, როცა უკვე მაქვს თანამშრომლობა. გარდა ამისა, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც GCA-ში საშემსრულებლო ჰონორარის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც გულისხმობს, რომ 2015 წლიდან შემსრულებლებიც იღებენ ჰონორარს. მე სხვასთან თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა მომღერალმა.

GCA -სთან თანამშრომლობის გაწყვეტას არ აპირებს არც კომპოზიტორ გია ნაცვლიშვილი. რომელმაც „გერასგან“ რამდენჯერმე მიიღო შეთავაზება.

„ადრე მქონდა შემოთავაზება გერასგან. რაც ეს ბრალდებები აგორდა, დამირეკეს, რომ რატომ ჩერდები მანდო. 5-მა ადამიანმა დამირეკა და ხუთივეს იდენტური პასუხი გავეცი, რომ ჯერ ერთი არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და არ ვარ ის კაცი რომ ტყუილად ჩავაჭირო თითი. სანამ რაღაც არ დამტკიცდება არ შეიძლება ადამიანზე ხაზის გადასმა. ვიყავი ამდენ ხანს და ვრჩები იქ სადაც ვიყავი. ამ რუსულ რაღაცებზეც ბევრი გავიგე, ბევრი ვერ გავიგე.“ - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.

კანონში განხორციელებული ცვლილებების წინააღმდეგია საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია (GCA), რომელიც კომპანია GERA-ს რუსული გავლენების შესახებ დიდი ხანია საუბრობს. ორგანიზაციის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა უკმაყოფილება ქართულ ბაზარზე რუსეთის ავტორთა საზოგადოების (RAO) შვილობილი კომპანიის საქმიანობის შესახებ.

ორგანიზაციის განცხადებით, „ცვლილებები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეწინააღმდეგება ევროდირექტივებს, არღვევს ავტორთა უფლებებს და სისტემის პარალიზების დიდ საფრთხეს ქმნის“.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცვლილებები ემსახურება რუსულ ინტერესებს და საქართველოში ამ ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის (GERA) საქმიანობის დაკანონებას.

GERA-ს საქმიანობის დაკანონებით, საქართველო კიდევ ერთი ფინანსური ინსტრუმენტით იქნება დამოკიდებული პირდაპირ რუსეთზე - მოხდება ქართველი არტისტების რუსეთზე მიბმა.

განვაგრძობთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას, რომ საბოლოოდ, ქართველი არტისტები მძიმე რეალობის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს, თავიდან ავიცილებთ საავტორო უფლებების სფეროს რუსული გავლენის ქვეშ მოქცევას და პროპაგანდის იარაღად მის ქცევას“, - ნათქვამია GCA-ის განცხადებაში.

R