1-ელი აგვისტოდან კლინიკების შემოწმების გამკაცრებული წესები ამოქმედდა, რომლის პირობებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. 

დოკუმენტის თანახმად, კონტროლის განხორციელების საფუძვლები შეიძლება იყოს შემდეგი:

პაციენტის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი; ორსულის, ახალნამშობიარები ქალის ან/და ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება; ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა; პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გართულება ან მისი მოულოდნელი გარდაცვალება, რაც ცნობილ იქნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

ფარმაცევტული საწარმოსა და საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით კონტროლის განხორციელების საფუძველი შესაძლოა იყოს:

მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით;  ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა;  გავრცელებული საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გავრცელებული საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არსებობს გარემოება, რომელიც შესაძლებელია, მტკიცებულების განადგურებას უკავშირდებოდეს.

ცვლილებების თანახმად, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი გახდა, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ექიმის საქმიანობაზე კი ჯარიმა 2000 ლარია. 4000 ლარით დაჯარიმდება მაკონტროლებელი ორგანოს ბეჭდის განზრახ დაზიანება.

რეგულირების სააგენტოს უფლება ეძლევა, კლინიკაში გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს, თუმცა ამის შესახებ პარალელურ რეჟიმში სასამართლოს უნდა აცნობოს.

ამასთან, მაკონტროლებელს ეძლევა უფლება, სამედიცინო დაწესებულება გეგმური შემოწმების ფარგლებში წელიწადში 1-ის ნაცვლად 3-ჯერ შეამოწმოს.