პაპილომა ვირუსი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინფექციას წარმოადგენს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და ის არაერთი დაავადების გამომწვევ მიზეზად გვევლინება.
რას წარმოადგენს პაპილომა ვირუსი, არის თუ არა შესაძლებელი მისი პრევენცია და რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება, კლინიკა ჰელსიკორის ქირურგი, გინეკოლოგი - ფატმა შერვაშიძე გვესაუბრება.
- დღეს, როდესაც შესაძლებელია თავი დაიცვას ადამიანმა ვაქცინის საშუალებით და მოახდინოს პაპილომა ვირუსის პრევენცია, საზოგადოების ნაწილმა შეიძლება არ იცოდეს უშუალოდ რას წამოადგენს აღნიშნული ვირუსი. ამასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ ვლინდება ის?
პაპილომა ვირუსი წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსთა ჯგუფს, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის, კანის, ლორწოვანი გარსების დაინფიცირებას და არის საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევი მიზეზი. ცნობილია პაპილომა ვირუსის 200 ზე მეტი გენოტიპი, მათგან მაღალი რისკის გენოტიპები - HPV 16, 18, 31, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68 - იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას. HPV ინფიცირება ხდირად არ იწვევს რაიმე სიმპტომს, მისი აღმოჩენა ხდება მხოლოდ ექიმთან ვიზიტის და დიაგნოსტირების დროს.
- თავდაპირველად პაპილომა ვირუსის ვაქცინა დაშვებული იყო მოზარდებში, ახლა ასაკი გაიზარდა და 30 + ასაკშიც შესაძლებელია, რამდენად ეფექტურია ზრდასრულებში აღნიშნული ვაქცინის გაკეთება და რამდენად გვიცავს ის?
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია მოიცავს ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. დღეისათვის შესაძლებელია პაპილომა ვირუსზე უფასო ვაქციანაცია 13-დან 45 წლამდე ქალბატონებისა და 10-დან 26 წლამდე მამაკაცებსთვის. ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია პირველადი პრევენციის იარაღს წარმოადგენს, თუმცა არ ხსნის სკრინინგის საჭიროებას.
რაც შეეხება კონდომებისა და ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენებას, მათ აგრეთვე შეიძლება შეამცირონ პაპილომა ვირუსისგან ინფიცირება, მაგრამ არა სრულად, რადგანაც ბარიერული კონტრაცეპტივებით კანის მხოლოდ გარკვეული ნაწილის დაფარვა ხდება.
- უშუალოდ პაპილომა ვირუსს რომ შევეხოთ, როგორ გადაედება ის ადამიანს? როგორც ცნონილია ქალბატონებში უფრო ხშირად ვლინდება, თუმცა ის ქალს მამაკაცისგან გადაეცემა, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?
პაპილომა ვირუსის გადაცემის ძირითადი გზა ხდება სქესობრივი გზით, კანიდან კანზე დაინფიცირებული არიდან. ხშირია როგორც ვაგინალური, აგრეთვე ანალური და ორალური გზით დაინფიცირების შემთხვევები. ასევე იშვიათად მშობიარობის დროს დედიდან ნაყოფზე დაავადების გავრცელება. მამაკაცები ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ვირუსის მატარებლები არიან, პაპილომა ვირუსული ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იწვევს სასქესო ორგანოების ონკოლოგიურ დაავადებებს. მამაკაცებისთვის არსებობს სხვა ტიპის ინფექციური გამოვლინებები, როგორიცაა ზედაპირული პაპილომები და კონდილომები.
- ქალბატონო ფატმა, ასევე მნიშვნელოვანია პრევენციის მიზნით, ადამიანმა ჩაიტაროს შესაბამისი კვლევები, გაიკეთოს პაპ-ტესტი, რამდენ ხანში ერთხელ არის ეს დასაშვები და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს, რომელი სიმპტომების დროს?
პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკა ორ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. პირველი არის ვირუსის გამოვლენა HPV-DNA სინჯის მეშვეობით, რისი საშუალებითაც ხდება ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების გამოვლენა. აღნიშნული ქვეტიპი კი მიუთითებს დაავადების განვითარების გაზრდილ რისკზე.
მეორე მეთოდს წარმოადგენს პაპ-ტესტი - საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევა. პაპ-ტესტი გამოავლენს ინტრაეპითელურ დაზიანებებს, აგრეთვე ბაქტერიულ ინფექციას და ავთვისებიან პროცესს. პაპ-ტესტის ჩატარება რეკომენდებულია რეგულარულად 1-დან 3 წლიანი ინტერვალებით. ვირუსის აღმოჩენის შემთხვევებში კი მნიშვნელოვანია უფრო ხშირი დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევებში კი ქირურგიული ჩარევა.
საშვილოსნოს ყელის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ონკოლოგიურ დაავადებას, რომელიც შეიძლება თავიდან ავიცილოთ ვაქცინაციით და დროული დიაგნოსტიკის მეშვეობით, ამიტომ ექიმთან ხშირი ვიზიტი, სკრინინგული კვლევების ჩატარება - დაავადების დროული გამოვლენის და გამოჯანმრთელების საწინდარია.