ნორვეგია, შვედეთი და დანია უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 420 მილიონ ევროს გამოყოფენ. ფინანსური დახმარების გაწევა ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში მოხდება. ერთობლივ განცხადებას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნორვეგია შვედეთთან და დანიასთან ერთად ნატო-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში 420 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სამხედრო პაკეტს დააფინანსებს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უკრაინისთვის იმ დახმარების მიწოდებას, რაც მას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. როგორც წესი, ეს საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალასა და კრიტიკულ შესაძლებლობებს მოიცავს“, - აცხადებს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი.
მიღებული გადაწყვეტილების გამო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას მადლობა გადაუხადა. -„ეს პაკეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობასა და ფრონტის ხაზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს მოიცავს, რაც უკრაინის პოზიციებს გააძლიერებს და აგრესიის შეკავებაში დაეხმარება, მაშინ, როცა ის მშვიდობისკენ ისწრაფვის“, - აღნიშნავს მარკ რუტე.