ამერიკის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა არალეგალი მიგრანტებისადმი ყველასათვის ცნობილია და ახალი ამბავი არ არის. გაპრეზიდენტების შემდეგ ერთ-ერთი საკითხი რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს, სწორედ არალეგალი მიგრანტები არიან და ითქვა, რომ აშშ-დან ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ მიგრანტს გამოაძევებენ. ოკეანის გაღმა ქართველებიც მრავლად ცხოვრობენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოს.
ამერიკას, საერთო ჯამში, 13 მილიონი არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია 968 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება. აშშ-ის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის, წინა ვადის მსგავსად, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი განახორციელებს მთელი რიგი უწყებების მობილიზებას იმისთვის, რომ არალეგალი ემიგრანტების დეპორტაცია განახორციელოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეპორტაციისთვის საჭირო იქნება დამატებითი ადამიანური რესურსების მოძიება, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული.
დონალდ ტრამპმა წინა საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მაშინ მხოლოდ 47 მილის აშენება მოხერხდა. დარჩენილი 652 კმ მექსიკის ფინანსური თანამონაწილეობით უნდა შესრულებულიყო, მაგრამ პროცესი აღარ გაგრძელებულა.
"ისტორიაში უდიდესი შემოჭრა სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან, არამედ აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მოდიან იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს მართლაც შეჭრაა და ეს ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად“, - აღნიშნავდა ტრამპი და დასძენდა, რომ უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად აუცილებლად დახურავს საზღვარს და დაასრულებს მექსიკის კედლის მშენებლობას.
ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა არალეგალი მიგრანტებისთვის თავის ტკივილი იქნება, მათ შორის საქართველოდან აშშ-ში წასული მოქალაქეებისთვისაც. 'ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ადასტურებს, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის ეს დიდ პრობლემის მომასწავებელია.
"ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა არალეგალებისთვის იქნება თავის ტკივილი, ეს ბუნებრივია და ამას ვერავინ ვერ დამალავს და ვერც უარყოფს, მაგრამ ეს მათი სახელწმიფოა.
დღეს, მიგრაცია უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაზე, თორემ იყო პერიოდი, როდესაც ემიგრანტების შესვლა შვება იყო სახელმწიფოებისათვის, რადგან იქ იაფი მუშა ხელი შედიოდა. გავიდა წლები, იაფი მუშა ხელი ჩინეთშიც კი აღარ უნდათ, მით უმეტეს დასავლეთსა და აშშ-ში.
ამერიკა ვეღარ იღებს უკვე მიგრანტს, მის ეკონომიკას წნეხში აქცევს მიგრაცია, ამიტომ ბუნებრივია, ისინი იღებენ შესაბამის ზომებს. ტრამპის პოლიტიკა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არის საუკეთესო, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართველი მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში სამუშაოს მოსაძებნად და კეთილდღეობისთვის ჩავიდნენ, ეს იქნება დიდი პრობლემა.
ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს კიდევ უფრო ხისტი იყო მისი მიგრაციული პოლიტიკა, თუმცა ოთხი წლის განმავლობაში მას აშშ-ში შესული მიგრანტები ქვეყნიდან არ გაუყრია, უბრალოდ, შეაჩერა ახალი მიგრაციული ტალღის მიღება, თუმცა, რაღაც დონეზე, ხალხი მაინც გადადიოდა მექსიკიდან. ახლაც ზუსტად იგივეს ველი, არა მგონია, რომ ტრამპმა მიგრანტები ქვეყნიდან გამოყაროს, მაგრამ ძალიან შეზღუდავს ახალ ტალღას”, - განუცხადა "რეზონანსს” ჩიბურდანიძემ.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი და ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა, რამდენიმე საათში მექსიკა-აშშ-ის კედელთან მიგრანტთა უზარმაზარი რიგები დადგა და მხოლოდ 6 ნოემბერს კედელი 100-ზე მეტი ჯგუფმა გადაკვეთა.
ასობით მიგრანტი, ძირითადად, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონიდან, ასევე აფრიკიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ისინი შეერთებული შტატების საზღვართან მდინარე რიო გრანდეს გადალახვის შედეგად მოხვდნენ.
სასაზღვრო პატრულმა კადრები გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი, მიგრანტთა ნაკადმა ერთიორად იმატა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც და მოხუცებიც. არსებული კანონმდებლობის თანახმად, ბავშვები და მათი მშობლები თავშესაფრის მოთხოვნის მოქმედი შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული წესი ბაიდენის ადმინისტრაციამ 2024 წლის დასაწყისში აამოქმედა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მექსიკიდან აშშ-ის მიმართულებით უკვე დაიძრა 3000 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი.
ვრცლად: resonancedaily.com