“მშობლები განათლებისთვის“ ასოციაციის წევრ მშობლებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სახელწოდებით „პოლიტიკოსები უსმენენ მოსწავლეთა მშობლებს“ მიმდინარეობს.
ა(ა)იპ „მშობლები განათლებისთვის“ სასკოლო გამოწვევების შესახებ მშობლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას და ღია მსჯელობას.
ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრაზე პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, მშობლებისგან მიიღონ ინფორმაცია განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო შემდეგ ელექტორატის ამ მნიშვნელოვან ნაწილს წარუდგინონ ხედვა, თუ როგორ ესახებათ პრობლემური საკითხების გადაჭრა შემდეგ აქტუალურ თემებზე: სასკოლო კვება და ჰიგიენა სკოლაში; სასკოლო ინფრასტრუქტურა; განათლების ხარისხი; სკოლის დემოკრატიულად მართვა.
პანელური დისკუსია მშობლებისა და პოლიტიკოსების ჩართულობით იმართება, სადაც სასკოლო გამოწვევების დაძლევის გზები და შესაძლებლობები განიხილება.
ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორის, მეგი კავთუაშვილის განცხადებით, მოწვეულთა შორის არიან 2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები, როგორც სახელისუფლებო მხრიდან, ისე ოპოზიციური ფლანგიდან, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
"ამჯერად, ჩვენ სტუმრად ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკოსები გვყავს. დღევანდელი შეხვერა 4 ძირითად პრობლემას შეეხება - სასკოლო კვება და ჰიგიენა სკოლაში; სასკოლო ინფრასტრუქტურა; განათლების ხარისხი; სკოლის დემოკრატიულად მართვა”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი.
შეხვედრა პროექტის „მოსწავლეთა მშობლების გაძლიერება სკოლის მმართველობაში" ფარგლებში იმართება, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.