„ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 1 ივნისიდან შესული ცვლილების თანახმად, „ყველა საჯარო სკოლას, ისევე, როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებს, განესაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება“- ამის შესახებ ალექსანდრე წულაძის №15  ბრძანებაშია ნათქვამი.

ახალი წესის მიხედვით, საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებად რესურსცენტრის თანამშრომლები დაინიშნებიან. არსებობს დანიშვნის მეორე წესი, რომლის მიხედვითაც, პერსონალურ მონაცემთა ოფიცრად შესაძლებელია სკოლაში უკვე დასაქმებული პირიც დაინიშნოს, თუმცა, როგორც განათლების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია "კომერსანტთან" ამბობს, სამინისტრომ არაჯეროვნად იმუშავა და ახლა საჯარო სკოლებში, შესაბამისი უნარების მქონე კადრების სიმცირეა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი რამდენიმე სკოლაზე იქნება პასუხისმგებელი.

,,ეს მოთხოვნა ევროკავშირისგან იყო, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა გაძლიერებულიყო, კანონი თავის დროზე სწორედ ამ მიზნით შემოიღეს, მაშინ გაჩნდა ვალდებულება, რომ ყველა საჯარო დაწესებულებას, რომელიც პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ოფიცერი ჰყავდეს. როგორც კანონშია მითითებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს სპეციალური ცოდნა უნდა გააჩნდეთ, რაც გულისხმობს, რომ ისინი უნდა გადამზადდნენ ოფიცრებად. სამინისტროს ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით, არაფერი გაუკეთებია, ამიტომაც ასეთი პირის შიგნიდან დანიშვნა სკოლებს გაუჭირდათ.

პერსონალურ  მონაცემთა ოფიცრის დანიშვნის ორი გზაა: ერთი, როცა უკვე არსებულ თანამშრომელს ნიშნავ და ამ ფუნქცია-მოვალეობებს აძლევ, მეორე, როცა რესურსცენტრის დანიშნული პირი იქნება, რამდენიმე სკოლის ოფიცერი.

პერსონალური ინფორმაციის შეგროვებაში პრობლემები იყო, მაგალითად, ბავშვების ფოტოებს იღებენ და სახელებთან ერთად ავრცელებენ სოციალურ ქსელებში. ასევე, კონკრეტული ბავშვების შესახებ იწერება ახალი ამბები, როცა შესაბამისი ნებართვა მშობლებისგან მიღებული არ არის.  რამდენიმე წლის წინ, რუსთავში ერთ-ერთი კერძო სკოლა დახურეს, ავტორიზაციის პრობლემები იყო და ერთ-ერთი პრობლემას სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაუცველობა წარმოადგენდა“,- აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.

ჯანაშია არ გამორიცხავს, რომ ახალი ცვლილება საჯარო სკოლებში სისტემურ კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„რესურსცენტრებს სკოლებზე ისედაც აქვთ წვდომა სკოლებში არსებულ ყველა მონაცემზე, უბრალოდ კიდევ ერთი მექანიზმი ჩნდება, რომლითაც შესაძლებელია სკოლები „დატუქსო“.

რესურსცენტრები თავიანთ ძალაუფლებას ისედაც იყენებდნენ, არა მხოლოდ  პარტიის მხარდაჭერისათვის, არამედ კონტროლისთვისაც. სჯობდა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრები შესაბამისი უნარებით მოემზადებინათ; თვითონ ეს კურსი, რთული და შრომატევადი არ არის. „ოფიცერი“ უბრალოდ სახელია ამ თანამდებობის, სინამდვილეში ბევრი საქმეც კი არ აქვს“,- აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ ,,კომერსანტთან“ ინტერვიუში.