საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ოფისში მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილთან დღეს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები იმყოფებოდნენ, ამჟამად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტიის პოზიციაა, რომ ახლა ოპოზიციის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„შეხვედრის საკითხი მოწვევის გზავნილში არ განხილულა. ჩვენი მხრიდან აუცილებლად ვისაუბრებთ 31 მარტზე იმიტომ, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღია არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ჩვენი დღევანდელი ბრძოლისთვის. ძალიან არ მიყვარს ყალბი მოლოდინების შექმნა, ამიტომ იქნება თუ არა ეს ერთობის თარიღი, ამაზე წინსწრებად მე, ერთი კოალიციის და პარტიის სახელით ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მოსაზრებები ერთობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ არჩევნებამდეც მიგვაჩნდა, რომ სწორედ ერთობაში იყო ქვეყნის ხსნა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი, თუმცა, ეს არის ერთი კოალიციის მოსაზრება და პოზიცია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.