დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ პურზე გაძვირების დადგენილება მიიღო. ახლა უმაღლესი კლასის ფქვილისგან დამზადებული 1 კგ პური 50 რუბლი (დაახლოებით 1.43 ლარი) ეღირება, 0,6 კგ - 30 რუბლი (დაახლოებით 0.86 ლარი), 1 კგ მეორე კლასის ფქვილიდან დამზადებული პური - 47 რუბლი (დაახლოებით 1.35 ლარი), 0,6 კგ - 28 რუბლი (დაახლოებით 0.80 ლარი).

ფასების რეგულირებასთან დაკავშირებული დადგენილებით, პურის ფასების დადგენის დროს, თუ პურის წარმოებაში ნედლეულის ფასები 10%-ზე მეტით იცვლება, მაშინ ფასის რეგულირების სახელმწიფო უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ფასი გაზარდოს არაუმეტეს 10%-ისა.

ბოლოს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პურზე ფასი 2021 წლის ნოემბერში გაიზარდა. მაშინ პრემიუმ ფქვილიდან 1 კგ პურის ფასი 46 რუბლი იყო, 0,6 კგ-ის - 28 რუბლი.

მანამდე დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მცხობელთა გილდიამ პარლამენტს კომერციული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ პურზე ფასების რეგულირების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ე.წ. ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პურის ახალი ფასის გამოთვლისა და რენტაბელობის დონის დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებაზე.