მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს და წელს ვაშლის ჩაბარება კვლავ 10 თეთრით დასუბსიდირდება. ამის შესახებ 8 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.
პროგრამისთვის 4.5 მილიონი ლარია გამოყოფილი. სოფლის განვითარების სააგენტო 18 დეკემბრამდე კომპანიებს თითოეულ კილოგრამ ვაშლზე 10 თეთრს გადაუხდის, იმ პირობით, რომ ისინი ვაშლს მინიმუმ 25 თეთრად შეისყიდიან.
შსს-ს ევალება ვაშლის ჩაბარების პროცესის კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება. ვაშლის მიმღები და გადამმუშავებელი კომპანიები კი ვალდებული იქნებიან, დარეგისტრირდნენ სააგენტოში, გამოიყენონ ელექტრონული სასწორი და ვიდეოკონტროლის სისტემა. მათ 2026 წლის 25 დეკემბრამდე სააგენტოს უნდა წარუდგინონ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები და ვიდეოჩანაწერები.
ცნობისთვის, 2026 წლიდან არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების შეწყვეტის შესახებ განცხადება მთავრობამ სექტემბერში გააკეთა.