ქირით მცხოვრები დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართეს. წინადადების ავტორი მოქალაქე მარინე ჯოჯუაა.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამშენებლო კომპანიებმა საცხოვრებელი ბინები ცხოვრების უფლებით გადასცენ ოჯახებს. მათ კი გადაუხადონ განსაზღვრული თანხა (400-600 ლარი) ქირის სახით, 10-15 ან 20 წლის მანძილზე. ამასთან, საკანონმდებლო წინადადების ავტორი თვლის, რომ სახელმწიფომ ბენეფიციარს დაუფინანსოს ბინის ღირებულების 10-20%ს ფარგლებში.

„პროექტის მიზანია ათასობით ოჯახმა, საბოლოოდ საკუთრებაში მიიღოს საცხოვრებელი ფართი. საკუთრებაში გადაცემა უნდა მოხდეს ღირებულების დაფარვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გადახდის ვალდებულება შეიძლება გადავიდეს მემკვიდრეებზე.

პროექტის ბენეფიციარად მოვიაზრებ შემდეგ კატეგორიებს: მარტოხელა მოქალაქეებს, მარტოხელა მშობლებს, ოჯახებს რომელთაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ, ახალდაქორწინებული წყვილი, ან ოჯახები რომლებმაც განსაზღვრული მიზეზების გამო დაკარგეს საცხოვრებელი ფართი. ამ პროგრამაში მონაწილეს, არ უნდა უფიქსირდებოდეს საცხოვრებელი ფართი და უნდა იყვნენ ქონების ღირებულების გადამხდელები,“- აღნიშნულია წინადადებაში.

ამასთან, წინადადების ავტორის შეფასებით, პროექტის განხორციელების არეალი უნდა იყოს მთლიანად საქართველოს ტერიტორია.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალა.

წყარო: www.bpn.ge