გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მათი გუნდი დაგვეთანხმა, რომ ფქვილზე იმპორტის გადასახადის მოხსნა, ან გაუქმება არ არის სწორი,- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან სილაგავამ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც ბაზარზე შესაძლოა დადგეს. როგორც სილაგავამ განმარტა, ივნისის თვეში ახალი ხორბლის მოსავალი მოდის საქართველოში და იმპორტის გადასახადის მოხსნა, ან გაუქმება არ შეიძლება.

„სავარაუდოდ, კიდევ იქნება შეხვედრა ამ კვირის ბოლოს, ან შემდეგ კვირას. შეხვედრაზე საქმე ეხებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც ბაზარზე შესაძლოა დადგეს. იცით, მეპურეებმა თქვეს, რომ ფასთან მიმართებაში გამოწვევები იქნება და მათ მოითხოვეს დამაბალანსებელი გადასახადის გაუქმება, ან შეცვლა.

ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ გადასახადის მოხსნა და შეცვლა არ შეიძლება, ეს გამოიწვევს იგივე პროცესებს, რაც იყო გადასახადის შემოსვლამდე. მაშინ ინტენსიურად შემოდიოდა რუსული ფქვილი, ამან გააჩერა წისქვილკომბინატები, აზრი არ ჰქონდა ხორბლის შემოტანას, შესაბამისად, წისქვილკომბინატების გაჩერებამ გამოიწვია ადგილობრივი ხორბლის მოსავლის ჩაბარების პრობლემა. ეს შემოღებული იყო იმისთვის, რომ იმ გამოწვევას, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა, ეს იყო მცურავი ბაჯის შემოღება ხორბალზე, ჩვენმა მხარემ უპასუხა დამაბალანსებელი გადასახადით. კონკურენციის სწორი პირობები დააბრუნა. ეს იყო სწორი პირობების დაბრუნება და არა ის, რომ ვიღაც სასათბურე პირობებში ჩაეყენებინა.

ეს იყო ჩვენი პოზიცია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პოზიცია სრულად არის გათვალისწინებული. მინისტრი და მათი გუნდი დაგვეთანხმა, რომ გადასახადის გაუქმება არ არის სწორი. ეს უსაფრთხოებას ურტყამს, ივნისის თვეში ახალი ხორბლის მოსავალ მოდის საქართველოში და ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რაც შეეხება პურის მწარმოებლებს ისინი ცალკე შეხვდნენ, შესაბამისად, უცნობია, თუ რა თემაზე ისაუბრეს“,-აღნიშნა სილაგავამ.

როგორც სილაგავამ აღნიშნა, გადასახადის შემოღების შემდეგ ქვეყანაში აკუმულირებულია 50 მილიონი ლარი, ე.წ. სტაბილიზაციის ფონდიდან 50 მლნ-ს გამოყენება კი შეიძლება იმისთვის, რომ პურზე ფასი დასტაბილურდეს.

„ჩვენი ასოციაციის წისქვილები პირველი ხარისხის ფქვილს ვაწვდით 52 ლარად. ეს ფასი არ იწვევს პურის ფასის გაძვირებას. ამ წუთას, პრობლემა არ არის. შესაძლოა, პრობლემა დადგეს, მსოფლიოში ხორბლის ფასი იზრდება. მექანიზმების გამოყენება შესაძლებელია, ამასთან, სწორი კომუნიკაცია უნდა იყოს ფასის აწევის და დაწევის დროს. ამ ყველაფრის ახსნა მოსახლეობისთვის შესაძლებელია, ვინაიდან სენსიტიური თემაა პური და ფქვილი. ხორბლის მარაგი არის დაახლოებით 2 თვის, მეპურეებსაც აქვთ დაახლოებით 20 ათასი ტონა მარაგში“,-აღნიშნა სილაგავამ.

ინფორმაციისთვის, “საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი" ფქვილზე იმპორტის გადასახადის მოხსნას მოითხოვს. როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ეს საშუალებას მისცემს მათ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს.

ipn.ge