მენსტრუალური სიღარიბე ისევე როგორც ბევრ საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყანაში, საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამას მოწმობს კვლევები, რომლებიც ამ საკითხზე ორგანიზაცია „უხილავმა შრომამ“ და „თანასწორობის ინსტიტუტმა“ ჩაატარეს.

მენსტრუალური სიღარიბის ხელშემწყობ ფაქტორებსა და მის გავლენაზე ქალების ეკონომიკურ აქტივობაში რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ქალები ქართულ ეკონომიკაში“ ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გულიაშვილმა და სოციალური საწარმოს „ტექგოგოს“ დამფუძნებელმა თეო ქავთარაშვილმა ისაუბრეს. 

გადაცემაში განმარტებული იყო თუ რას ნიშნავს ტერმინი „მენსტრუალური სიღარიბე“ და რა როლი აქვს ამ პრობლემას ქალების ეკონომიკურ ცხოვრებაში.

„მენსტრუალური სიღარიბე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების პრობლემაა, შესაბამისად, ვვარაუდობდით, რომ ეს პრობლემა საქართველოშიც იქნებოდა და კვლევამ ეს დაადასტურა. მენსტრუალური სიღარიბე ნიშნავს, როდესაც ქალებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა მენსტრუაციის სამართავად საჭირო ჰიგიენურ საშუალებებზე, არ აქვთ ხელმისაწვდომობა რეპროდუქციის შესახებ განათლებაზე და ვერ მართავენ მენსტრუალურ ჰიგიენას. ამ ყველაფერში მოიაზრება ის, რომ მათ საცხოვრებელ გარემოში არ არსებობს ცივი და ცხელი წყალი, არ არსებობს ჰიგიენური საშუალებები და იქ, სადაც დასაქმებულები არიან ან სწავლობენ, ინფრასტრუქტურა არ არის გამართული.

ეს ყველაფერი არის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ბარიერები ამ საშუალებების ხელმისაწვდომობაზე“, - აღნიშნა თეო ქავთარაშვილმა.

ორივე კვლევის თანახმად, მენსტრუალური სიღარიბის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში, სადაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების დონე დაბალია. 

„კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ უპირველესი პრობლემა ინფორმაციის არქონაა. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება ქართულ ენაზე მოიძიოს ინფორმაცია საკუთარი სექსუალური თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ის ვერ შეძლებს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და მიიღოს სწორი სამედიცინო სერვისი, ვინაიდან, მენსტრუალური ჯანმრთელობა კრიტიკული გამოწვევაა საქართველოს ჯანდაცვის სფეროშიც.

აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთ რეგიონში ქალებისთვის სრულად ხელმიუწვდომელია მენსტრუალური ზრუნვის ხელსაწყოები და საშუალებები, ასევე დიდ პრობლემებს ხვდებიან ქალები გინეკოლოგთან ვიზიტისას, რადგან არ არსებობს სწორი სამედიცინო სერვისი, მაგალითად მენსტრუალური პათოლოგიების მკურნალობის კუთხით.

ფაქტობრივად, არცერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ უზრუნველყოფს ქალებს ჰიგიენური ზრუნვის ნივთებით. მით უფრო, რომ ეს საშუალებები არც ისე იაფია და წლიდან წლამდე იზრდება მენსტრუალური მენეჯმენტის ფასი. კვლევის ფარგლებში გვყავდა რესპონდენტი, რომლის ოჯახშიც სამი ქალია და ის ამბობდა, რომ მისი ოჯახისთვის მენსტრუალური ზრუნვის საშუალებების შეძენა განსაკუთრებული გამოწვევაა.

რეგიონებში მცხოვრებ ქალებს ასევე აქვთ პრობლემა რომ მენსტრუალური პათოლოგიების შესახებ ადგილობრივი გინეკოლოგებისგან ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო სერვისს და მათ უწევთ თბილისში ჩამოსვლა, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა მარიამ გულიაშვილმა. 

მისი თქმით, მენსტრუალურ სიღარიბეს ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული ტაბუ და პრაქტიკაში ხშირია, რომ ქალს გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი, ქორწინების შემდეგ, რეპროდუქციულ საკითხზე უწევს. 

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებულად მძიმეა სიტუაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის ზრუნვის დაწესებულებებში. ეს დაწესებულებები პაციენტებისთვის ვერ უზრუნველყოფენ არათუ მენსტრუალური ზრუნვის ინფრასტრუქტურას, არამედ ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნორმებსაც კი. აღინიშნა, რომ ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა პენიტენციურ დაწესებულებებშიც. 

თემაზე საუბრისას აღინიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფო პოლიტიკას ეკისრება.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ მენსტრუალური ზრუნვის საშუალებები პირველადი მოთხოვნილების პროდუქტად აღიარეს და სამომხმარებლო კალათაში შეიტანეს. შესაბამისად, როგორც სახელმწიფო ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს საკვებით და სხვადასხვა ნივთებით, ამაში გათვალისწინებულია, რომ ქალებს სჭირდებათ მენსტრუალური ზრუნვის ნივთები. 

რაც შეეხება სკოლებს, „უხილავი შრომის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოიკვეთა, რომ რეგიონებში გოგონები მენსტრუაციის დროს სკოლას ხშირად აცდენენ, რადგან ვერ ხდება მენსტრუაციის მართვა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბულინგი, სტიგმა და ა.შ. საკითხები, რომელთაგან თავის ასარიდებლად მოსწავლეები ამ დროს უბრალოდ არ მიდიან სკოლაში. მაგალითად შოტლანდიაში 2017 წლიდან ყველა სკოლაში უფასოა მენსტრუალური ზრუნვის საშუალებები, შესაბამისად ეს აღქმულია, როგორც ნამდვილად პირველადი საჭიროება,“ - აღნიშნა თეო ქავთარაშვილმა. 

სპეციალისტების შეფასებით, მენსტრუალური სიღარიბის აღმოსაფხვრელად კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რადგან ეს მხოლოდ ქალების სოციალური პრობლემა კი არ არის, არამედ ეს განათლებისა და ეკონომიკის საკითხია.

„უპირველეს ყოვლისა, რაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მოხდეს, ეს არის ყოვლისმომცველი განათლების დანერგვა, რომელიც სექსუალურ განათლებას ითვალისწინებს. ასევე კერო სექტორს ეკისრება ძალიან დიდი როლი რომ გაითავისოს ქალის მდგომარეობა, რადგან განსაკუთრებით მაშინ, როცა არის მტკივნეული მენსტრუაცია ქალების შრომისუნარიანობა ქვეითდება. დამსაქმებელმა ხელი უნდა შეუწყოს დასაქმებულს, რომ ასეთ დღეებში არ იყოს სავალდებულო სამუშაო ადგილზე გამოცხადება. ასევე ქალებს, თუ მენსტრუაცია მოულოდნელად დაეწყებათ, უფლება უნდა ჰქონდეთ დატოვონ სამუშაო ადგილი. ამავდროულად, დამსაქმებელს უნდა ზრუნავდეს დასაქმებულების მენსტრუალური ზრუნვის საშუალებებით უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა მარიამ გულიაშვილმა.

გადაცემის სტუმრების რეკომენდაციები მენსტრუალური სიღარიბის დაძლევისთვის პირველ რიგში სახელმწიფოს მიემართება. მაგალითად, მათი პოზიციით, მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები შრომის კოდექსში და საგადასახადო კანონმდებლობაში. კერძოდ, მოიხსნას დღგ-ის გადასახადი ჰიგიენური ზრუნვის საშუალებებზე, რათა ისინი ბევრად ხელმისაწვდომი გახდეს, ამავდროულად, დასაქმებულებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მენსტრუაციის დროს, როცა მათი შრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია, არ იმუშაონ.