ერთი შემთხვევა, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და შრომის კულტურაზე გვიყვება...

ავტორი: დავით თხელიძე, შრომის უსაფრთხოების კომპანია SafCo-ს თანადამფუძნებელი

ამ ზაფხულს ესპანეთში, ვალენსიის მუნიციპალიტეტის ერთ პატარა ზღვისპირა კურორტზე ვიმყოფებოდი ჩემი 10 წლის ვაჟთან ერთად. დილას, როგორც სხვა დამსვენებლები, სანაპიროზე ვისხედით და ზღვაში შესვლას ვაპირებდით. სწორედ ამ დროს, ზღვის სიღრმეში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ხელის ქნევით ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ისინი დახმარებას ითხოვდნენ. ორი მაშველი მყისიერად შევარდა წყალში.

რამდენიმე წამში, მათ უგონო მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული მამაკაცი სანაპიროზე გამოიყვანეს და სწორედ აქ დაიწყო ის პროცესი, რომელმაც გამაოცა.

BP (British Petroleum)-ში  ჩემი 20 წლიანი გამოცდილებისა და ,,საგანგებო სიტუაციები’’-ს მართვის სტრუქტურის ღრმა ცოდნის მიუხედავად, ამგვარი სიზუსტით და სინქრონით შესრულებული პროცესის დინამიკა იშვიათად მინახავს.

მაშველებმა ადგილზევე დაიწყეს გულ-ფილტვის რეანიმაცია. როდესაც მათ შენიშნეს, რომ დაზარალებული მცირედით დაქანებულ ზედაპირზე იწვა, მყისიერად 3 დათვლაზე,  იგი სწორ ზედაპირზე მოათავსეს. ამავდროულად, პლაჟის მომსახურე პერსონალმა (ქოლგებისა და შეზლონგების გამქირავებელი გუნდი) შეზლონგები განათავსა დაზარალებულის იზოლაციის მიზნით; ირგვლივ განათავსეს ასევე ქოლგები, რათა დაზარალებული დაეცვათ მზის პირდაპირი სხივებისგან.

,,რამდენიმე წუთში მოტორიზებული კვადროციკლი პლაჟზე პირველადი სამედიცინო ჩანთით (.. Green Bag) გაჩნდაშემდეგი ნაბიჯია ინტუბაციაამბუს ნიღბის დამაგრებაჟანგბადის მიწოდება და პორტატული ჟანგბადის ცილინდრით ფილტვების ვენტილაცია.''

5 წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა. ვინაიდან მანქანა სანაპიროზე შემოსვლას ვერ ახერხებს, სამაშველო პუნქტში ექიმები მოიყვანეს კვატროციკლებით.  რადგან გულ-ფილტვის რეანიმაცია (ხელით მასაჟი) ხანგრძლივი დროით ძალიან რთული პროცესია,  მათ მოიტანეს ავტომატური მასაჟორი, რომლის დახმარებითაც უწყვეტად გაგრძელდა პროცესი.

გაკვირვებული ვუყურებდი როგორც მაშველების, ისე სამედიცინო პერსონალის ამ ზე-პროფესიონალურ ქმედებებს, არანაირი ხმაური, ან ხმამაღალი გადაძახილები, არანაირი მკვეთრი მოძრაობები, მხოლოდ სიმშვიდე და თანმიმდევრულობა.

დაზარალებულის ახლობლებს პირველადი ემოციის შემდეგ ფსიქოლოგი მიუახლოვდა და შესაბამისი მხარდაჭერა გაუწია.

საზოგადოება იყო განსაკუთრებით სოლიდარული, არავის გასჩენია სურვილი ახლოს მისულიყო დაზარალებულთან და ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, მშვიდად იდგნენ მოშორებით და ჩურჩულით საურბრობდნენ ერთმანეთში სამაშველო პროცესისთვის ხელი რომ არ შეეშალათ.

მთელი საათის განმავლობაში გრძელდებოდა დახმარების მცდელობა – არავინ ჩქარობდა, არც ერთ დეტალს არ ტოვებდნენ. ყველაფერი იყო როგორც საათის მექანიზმი: ორგანიზებული, გაწონასწორებული, წინასწარ დაგეგმილი.

მოქნილი კომუნიკაცია ცალკე აღსაღნიშნია - გამოყოფილი იყო პერსონა, რომელიც ყველა პროცესს რაციით თუ ტელეფონის საშუალებით აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა, სამედიცინო პერსონალის დახმარება თავად მაშველების მხრიდან იყო უბადლოდ შესრულებული, სრულიად პროცესი იყო სცენარების მიხედვით წინასწარ გაწერილი, სტრუქტურულად გამართული და ხორცშესხმული.

თითოეულ რგოლს ქონდა თავისი ფუნქცია, როგორც მაშველებს და სამედიცინო პერსონალს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას. ყველას ესმოდა შემთვევის სიმძიმე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობთ აკეთებდა იმას, რაც მათი კულტურის და პროფესიული უნარების ნაწილია. ასეთი სინქრონი მხოლოდ მაღალი სამოქალაქო და შრომის კულტურის დადასტურებაა.

სამწუხაროდ, დაზარალებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თუმცა ამ ერთმა საათმა ჩემში ღრმად და ნათლად დაამყარა რწმენა, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და შრომის კულტურა - ეს არის ის საფუძველი, რომელზეც დგას წარმატებული საზოგადოება.

და ბოლოს, ჩემი ვაჟის სიტყვები:

,,მამა ეს რანაირი ამბავია? არც ყვირილი, არც წივილი, არც გინება და ლანძღვა, არც ბევრი ხალხი???’’

ეს შემთხვევა არ იყო მხოლოდ სამაშველო ოპერაცია – ეს იყო ცოცხალი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება იმოქმედოს საზოგადოებამ პასუხისმგებლობით, როდესაც სიცოცხლეზეა საუბარი. მჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პროფესიონალიზმი, ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისა და უსაფრთხო მომავლის საწინდარია.