„მე რომ ვიყო გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას, ვიცი როგორ მოვუგებდი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „გირჩი ტვ-ს“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის მიმდინარეობისას „გირჩის“ ლიდერები ამბობდნენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის პროცესები დადგმულია, რაზეც რუხაძემ ასე უპასუხა:

„გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ბაჩიაშვილი რომ არსებობს საქართველოში როგორც ასეთი ფენომენი, არის ძალიან კარგი (არსებობს ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ედავება ამხელა თანხებს). ვიცი, რომ არ არის დადგმული. მე ბევრი შევეცადე, თავის დროზე გიორგი დამერწმუნებინა, რომ ეს პრობლემა გაიზრდება და აფეთქდება და დაალაგე-მეთქი, სულ ვეუბნებოდი. ამიტომ, ეს არ არის დადგმული პრობლემა. ბიძინა არ არის ეგეთი მმართველი, მაგიტომ მომწონს ბიძინა, რომ ბაჩიაშვილს არ იჭერს.

ამ დავას რაც შეეხება, ჩემთან რომ ვინმე მოსულიყო, დავსვამდი ასეთ კითხვას: გიორგი ბაჩიაშვილს რომ ფული წაეღო, დაებანდებინა და ამ ბიზნესს ფული წაეგო, ვინ წააგებდა? თუ პასუხი არის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, მაშინ გიორგი არის სწორი, ხოლო თუ პასუხი არის ბიძინა ივანიშვილი, მაშინ გიორგი არ არის სწორი.

დიდი ხანია მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ მე რომ ვიყო გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას, ვიცი როგორ მოვუგებდი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს. მომაყოლე და გეტყვი, მოგებული მაქვს სააკაშვილის დროს. მე უნდა ჩამოვიყვანო მაღალი დონის იურისტები უცხოეთიდან, რომლებიც მე რომ აქ წავაგებ სასამართლოს, გააგრძელებენ დავას იმ ქვეყანაში, რომელშიც მე მიმესვლება და მაქვს იურისდიქციის უფლება.

ბადრის საქმეებზე რომ ვდავობდით, ჭკვიანმა იურისტებმა მოახერხეს და პარიზის არბიტრაჟში მიგვიღეს, რის შემდეგაც ბადრის ოჯახმა უჩივლა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას. მანამდე აქ გავიარეთ მურუსიძის სასამართლო, წავაგეთ ყველაფერი, ამას აკეთებს ბაჩიაშვილი ახლა“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა. ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

www.bpn.ge