„მონა ლიზა“ ცალკე შესასვლელის მქონე მიწისქვეშა დარბაზში გადავა.
ლუვრის მთავარი ღირსშესანიშნაობა, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“, ცალკე მიწისქვეშა დარბაზში გადავა, რომელსაც საკუთარი შესასვლელი ექნება. ახალ სივრცეში მხოლოდ ეს შედევრი გამოიფინება.
პარიზში უკვე გამოავლინეს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები, რომლებმაც „მონა ლიზასთვის“ ახალი დარბაზი უნდა დააპროექტონ. გამარჯვებულები არიან ნიუ-იორკის ბიურო და პარიზული სტუდია. ისინი 100 კანდიდატს შორის შეარჩიეს.
უჩვეულო პროექტის მთავარი მიზანი „მონა ლიზასთან“ დაკავშირებული ვიზიტორების ნაკადის პრობლემის მოგვარებაა. ლუვრი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მუზეუმად ითვლება, ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონ ვიზიტორს იღებს. მათგან სამი მეოთხედი, ანუ დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი, მუზეუმში სწორედ „მონა ლიზას“ სანახავად მიდის.
დღეს იმ დარბაზში, სადაც ლეონარდო და ვინჩის შედევრია გამოფენილი, ყოველდღიურად 20-დან 24 ათასამდე ტურისტი გადის. არსებული წესების მიხედვით, თითოეულ ვიზიტორს ნახატის წინ გაჩერება ერთ წუთზე ნაკლები დროით შეუძლია. ერთდროულად დარბაზში მაქსიმუმ 250-300 ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს. ამავე სივრცეში „მონა ლიზასთან“ ერთად კიდევ 43 ნახატია გამოფენილი, რაც ვიზიტორების ყურადღებასაც ანაწილებს და დარბაზს კიდევ უფრო გადატვირთულს ხდის.
„მონა ლიზასთვის“ განკუთვნილი ახალი ცალკე დარბაზი ლუვრის აღმოსავლეთ შიდა ეზოს ქვეშ განთავსდება. ვიზიტორები შეძლებენ სპეციალური ბილეთის შეძენას და ამ სივრცეში ცალკე შესვლას, ისე რომ მთელი მუზეუმის გავლა აღარ დასჭირდეთ.
„ჯოკონდასთვის“ განკუთვნილი ახალი დარბაზი ლუვრის მასშტაბური რეკონსტრუქციის მხოლოდ ერთი ნაწილი იქნება. მუზეუმს დიდი განახლება ელოდება, რომელსაც უკვე ლუვრის „ახალ რენესანსს“ უწოდებენ. პროექტის ფარგლებში მუზეუმში გაჩნდება ორი ახალი მიწისქვეშა შესასვლელი, დამატებითი საგამოფენო სივრცეები, რესტორნები და სუვენირების მაღაზიები.
წინასწარი გათვლებით, რეკონსტრუქციის შემდეგ ლუვრი შეძლებს, წელიწადში დაახლოებით 3 მილიონით მეტი ვიზიტორი მიიღოს.